აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. „ფაინენშალ ტაიმსისა“ და Focaldata-ს ახალი გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას ამომრჩეველთა მხოლოდ 33% იწონებს – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მიმდინარე წლის მაისიდან, როდესაც გამოცემამ ტრამპის რეიტინგის რეგულარული გაზომვა დაიწყო. გამოკითხვა განსაკუთრებით საყურადღებოა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, როდესაც ამერიკელები კონგრესის ახალ შემადგენლობას აირჩევენ.
ტრამპის მხარდაჭერის შემცირების მთავარი მიზეზი ამჯერად ეკონომიკაა. ამერიკელებისთვის სულ უფრო მტკივნეული ხდება ცხოვრების გაძვირება, საწვავისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაზრდილი ფასები, ხოლო პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით უშედეგოა.
ამერიკელებს ფული აღარ ჰყოფნით
„ფაინენშალ ტაიმსის“ გამოკითხვის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი თავად მოქალაქეების შეფასებაა: გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაუარესდა. ერთი თვის წინ ასე მხოლოდ 53% ფიქრობდა.
ეს განსაკუთრებით მძიმე დარტყმაა ტრამპისთვის, რომელიც 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკელებს სწორედ ცხოვრების გაძვირების შეჩერებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდებოდა.
სხვა კვლევებიც მსგავს სურათს აჩვენებს. UMass Amherst-ის აგვისტოს გამოკითხვაში ტრამპის საქმიანობას მთლიანობაში მხოლოდ 32% იწონებდა, 64% კი არ იწონებდა. კიდევ უფრო დაბალია პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება ინფლაციის საკითხზე: ამერიკელთა 75% ამბობს, რომ ტრამპი ამ პრობლემას ცუდად უმკლავდება.
Marquette Law School-ის გამოკითხვაში კი ტრამპის მიერ ინფლაციისა და ცხოვრების ღირებულების მართვას დადებითად მხოლოდ 24% აფასებდა, ეკონომიკის მართვას – 30%, საწვავის ფასებთან დაკავშირებულ პოლიტიკას კი – მხოლოდ 21%.
ტარიფები – პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს
ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება მისი ახალი სატარიფო პოლიტიკაა. პრეზიდენტი ტარიფებს ამერიკული წარმოების დაცვისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირების ინსტრუმენტად მიიჩნევს, თუმცა ბევრი ამერიკელის აზრით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას იწვევს. გამოკითხვები ამ შეხედულებასაც ადასტურებს – მარტში ჩატარებული Harris Poll-ის მიხედვით, ამერიკელთა 70% მიიჩნევდა, რომ ტრამპის ტარიფების გამო ისინი უფრო ძვირს იხდიდნენ.
ახალი ტარიფების მიმართ უკმაყოფილება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კანადასთან სავაჭრო დაპირისპირების ფონზე. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში ამერიკელთა 57% ეწინააღმდეგება კანადურ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს, მათ მხარდაჭერას კი მხოლოდ 20% გამოხატავს.
პრობლემა ისაა, რომ ტარიფების ეკონომიკური შედეგი აბსტრაქტული აღარ არის. თუ იმპორტირებული პროდუქტი ძვირდება, საბოლოოდ დამატებით ხარჯს ხშირად მომხმარებელი იხდის. სწორედ ამიტომ, ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც მისი თქმით, „ამერიკის ინტერესების დაცვას“ ისახავს მიზნად, მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის შეიძლება უბრალოდ უფრო მაღალ ფასებთან ასოცირდებოდეს.
„ამერიკის ყურე“ და „ამერიკის ტბა“ – პრეზიდენტის არაპოპულარული გადაწყვეტილებები
ტრამპის ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეკონომიკას არ უკავშირდება, თუმცა მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ასევე უარყოფითია.
ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ტრამპის გადაწყვეტილება მექსიკის ყურისთვის აშშ-ის ოფიციალურ სახელწოდებად „ამერიკის ყურის“ სახელის დამკვიდრების შესახებ.
ახლახან კი კანადასთან დაპირისპირებას კიდევ უფრო უჩვეულო გადაწყვეტილება მოჰყვა – ტბა ონტარიოსთვის აშშ-ის ოფიციალურ სახელწოდებად „ამერიკის ტბის“ დამკვიდრება. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ 14% უჭერდა მხარს, მაშინ როცა 63% წინააღმდეგი იყო.
ამგვარი გადაწყვეტილებები შესაძლოა ტრამპის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებში პოპულარული იყოს, მაგრამ უფრო ფართო ამომრჩევლისთვის ისინი ხშირად მეორეხარისხოვან ან საერთოდ არასაჭირო საკითხად გამოიყურება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი პრობლემა ოჯახის ბიუჯეტია.
ირანის ომი – კიდევ ერთი მძიმე საკითხი
ტრამპის პოლიტიკური პრობლემები მხოლოდ ფასებითა და ტარიფებით არ შემოიფარგლება.
აშშ-ის სამხედრო ოპერაციამ ირანის წინააღმდეგ საზოგადოებაში სერიოზული კითხვები გააჩინა. UMass Amherst-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 54% არ ეთანხმება ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს, ხოლო 68% უარყოფითად აფასებს ტრამპის მიერ ომის მართვას.
ამასთან, ომს ეკონომიკური შედეგებიც აქვს. ენერგომატარებლების ფასების ზრდა კიდევ უფრო აძლიერებს პრობლემას, რომელიც ტრამპის რეიტინგის ვარდნის მთავარი მიზეზი გახდა – ცხოვრების გაძვირებას.
„ფაინენშალ ტაიმსის“ გამოკითხვაში დიზელის ფასი გალონზე 5.85 დოლარამდეა აღნიშნული, რაც ამერიკელი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია.
სახელმწიფო აპარატის შემცირება – დაპირება, რომელსაც უკმაყოფილება მოჰყვა
ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მთავრობის შემცირება და ხარჯების შეკვეცა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია. პრეზიდენტი ამ პოლიტიკას ბიუროკრატიის შემცირებისა და გადასახადის გადამხდელთა ფულის დაზოგვის აუცილებლობით ამართლებს.
თუმცა სახელმწიფო უწყებებისა და ფედერალური სამუშაო ადგილების მასშტაბურმა შემცირებამ ასევე უკმაყოფილება გამოიწვია. პრობლემას ემატება ისიც, რომ ხარჯების შემცირების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. Reuters-ის ანალიზის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური სამუშაო ადგილების შემცირებამ და ცალკეული პროგრამების გაუქმებამ ვერ შეძლო ხარჯების იმ ზრდის კომპენსირება, რომელიც გადასახადების შემცირებას, სამხედრო ხარჯებსა და სხვა მიმართულებებს მოჰყვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – შედეგს ამერიკელები საკუთარ ჯიბეში ეძებენ
ტრამპისთვის განსაკუთრებით ცუდი ნიშანია ის, რომ უკმაყოფილებას მხოლოდ მისი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეები არ გამოთქვამენ.
„ფაინენშალ ტაიმსის“ გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა შორის ტრამპის მხარდაჭერა 72%-მდე დაეცა – ეს ამ კვლევის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მისი ეკონომიკური პოლიტიკა რესპუბლიკელთა მხოლოდ 53%-ს მოსწონს.
UMass-ის კვლევაც აჩვენებს, რომ ტრამპის მხარდაჭერა რესპუბლიკელებში შემცირდა, ხოლო მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ინფლაცია, სამუშაო ადგილები და ირანის ომი უკვე იმ საკითხებს შორისაა, რომლებზეც პრეზიდენტს დაბალი შეფასება აქვს.
ეს ყველაფერი ტრამპისთვის განსაკუთრებით არასასიამოვნო დროს ხდება. საქმე ისაა, რომ შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და ნოემბერში ამომრჩეველი არა მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკას, არამედ მის პარტიასაც შეაფასებს.
თუ ამერიკელი ამომრჩევლისთვის ყოველდღიური რეალობა კვლავ მაღალი ფასები, ძვირი საწვავი და გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა იქნება, ტრამპის პოლიტიკური გზავნილები – „ამერიკის გაძლიერება“, „ამერიკა პირველ ადგილზე“ და ეკონომიკური აღმავლობის დაპირებები – შესაძლოა სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერდეს.
და სწორედ ეს შეიძლება გახდეს ნოემბრის არჩევნების მთავარი თემა: არა ის, რას ჰპირდება ტრამპი ამერიკას, არამედ რა ხდება რიგითი ამერიკელის საფულეში.
ნანა ძნელაძე
nostal.ge ახალი ამბები