შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი "დასუსტებულ მდგომარეობაში" არიან. დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე, თითქმის სამწლიანი ომი.
ტრამპმა განცხადება 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გააკეთა. ტრამპის კომენტარი სირიაში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, მას შემდეგ, რაც სირიელმა ამბოხებულებმა დამასკო აიღეს და ქვეყანაში რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადების ოჯახის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა დაასრულეს.
ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა, რომელიც ოფისს 20 იანვარს დაიკავებს, თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ვეღარ შეძლეს სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ისინი იმყოფებოდნენ „დასუსტებულ მდგომარეობაში, ჯერ ერთი, უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე - ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო“.
"2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 600,000 ჯარისკაცი", - თქვა ტრამპმა. მან იქვე დასძინა, რომ უკრაინამ, რომელიც თავის ტერიტორიას იცავდა, ომში დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირობებში 43 ათასი ჯარისკაცია მოკლული.
„ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“, - თქვა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა და დასძინა: "ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ახლა მისი ქმედების დროა. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება"!
კრემლს ტრამპის განცხადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
შეხვედრა პარიზში
პარიზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის "შეთანხმების დადება სურს". მათ შორის შეხვედრა 7 დეკემბერს შედგა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად.
"მოდით, გავაგრძელოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, ერთობლივი მცდელობა", - განაცხადა მაკრონმა. ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ ის "კარგი და პროდუქტიული" იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერებმა ისაუბრეს ევროპის კონტინენტზე "სამართლიანი მშვიდობის" დამყარების შესაძლებლობაზე.
მსოფლიოს ლიდერები საფრანგეთში ხანძრის შედეგად დაზიანებული და აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საზეიმო გახსნაზე შეიკრიბნენ. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც შეძლო როგორც ტრამპთან, ისე ზელენსკისთან საქართველოზე საუბარი.