ტრანსპორტში საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩამრთველს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

6 hours ago 1

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაიწყო გამოძიება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე.

უწყების პრესსამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ (284-ე) მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის მიხედვით, „კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღეს, 24 იანვრის დილით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან ისმოდა საპროტესტო აქციებზე გაჟღერებული აუდიოჩანაწერების კოლაჟი, მათ შორის: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს წარმოთქმული სიტყვა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ჩაირთო საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნათქვამი სიტყვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“

ამას გარდა, გადახდის აპარატებიდან ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი, „დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ და სხვა.

ყოველდღიურად ავტობუსსა და მიკროავტობუსს თბილისში 700 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატები კი, მერიის მოთხოვნით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოირთო.

დღეს, 24 იანვარს, უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეა. პროევროპული აქციების მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება. ასევე - სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება.

ყოველდღიური ხალხმრავალი აქციები გასული წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა