WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა, რომელიც საქართველოში „მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად“.

„დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი” მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 5 სექტემბერს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კობახიძის თქმით, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ახალგაზრდობას, ვინაიდან „აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“. იგი მიესალმა „გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-ამდე ეკიპაჟს, რომლებიც ჩამობრძანდნენ საქართველოში“ და აღნიშნა, რომ მათი აქ ყოფნა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე“.

16 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი ქართულმა ბიზნეს კონგლომერატმა, „ამბასადორი ჯგუფმა“ დააარსა, რომელსაც თბილისსა და კაჭრეთში სასტუმროები აქვს, ხოლო აჭარაში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს. ინვესტიცია 15 მილიონი აშშ დოლარია, მათ შორის 10 მილიონი ლარის სესხი, რომელიც „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის“ მხარდაჭერით დამტკიცდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ასაფრენ-დასაფრენ და სამიმოსვლო ბილიკებს, 12 თვითმფრინავზე გათვლილ დიდ ანგარს, საფრენოსნო სკოლას, ავიავილების სარეზიდენციო კომპლექსსა და საავიაციო კლუბს. ინფრასტრუქტურის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრია, ხოლო სიგანე – 18 მეტრი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ლუქსემბურგიდან მიმდინარე საავიაციო ექსპედიციის მონაწილეები, რომელშიც მონაწილეობდა 26 კერძო თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფი და რომელიც ორგანიზებული იყო ლუქსემბურგის საპატიო კონსულის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანია მცირე ავიაციის პოპულარიზაცია, საავიაციო ტურიზმის განვითარება და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრება“.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის სწრაფ განვითარებას და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლის პირველ 7 თვეში მგზავრთნაკადმა უკვე 4.6 მილიონს გადააჭარბა.

მინისტრის თქმით, უკვე გამოცხადდა „ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი“ უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით“.

„ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“,  – განაცხადა ქვრივიშვილმა.

„ამასთან შეგვიძლია საქართველოში მოვიზიდოთ მეტი უცხოელი კერძო პილოტი, ავიამოყვარული, რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. ამ მხრივ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში“, – დასძინა მან.

სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები სპეციალურად მოწყობილ ავიაშოუს დაესწრნენ.

This post is also available in: English