“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

2 hours ago 3

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენ:

საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს გარანტირებულად ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებას. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით ასი ათასობით ქართველ ემიგრანტს ეს უფლება წაართვეს.

ადამიანი, რომელიც ყოველდღიური მძიმე შრომით ინახავს საკუთარ ოჯახს და ქმნის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დასაყრდენს, არ შეიძლება მოკლებული იყოს საკუთარი სამშობლოს მომავლის განსაზღვრის უფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის ემიგრანტების პოლიტიკური აქტიურობის შიშის პირდაპირი შედეგი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 95 834 ემიგრანტი დარეგისტრირდა, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების მხოლოდ 13.49% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. როდესაც რეჟიმმა დაინახა, რომ ვერ შეძლო თავისუფალი მოქალაქეების შეშინება, მოტყუება ან მოსყიდვა, ხალხის ნების პატივისცემის ნაცვლად ემიგრანტების არჩევნებიდან გათიშვა არჩია.

ემიგრანტების საარჩევნო ხმის დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამართლებრივი კავშირის გაწყვეტა სამშობლოსთან.

ჩვენი მოთხოვნაა:

1. დაუყოვნებლივ აღდგეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლება.

2. შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გაიხსნას საარჩევნო უბნები საზვარგარეთ, რათა ყველა ემიგრანტმა შეძლოს არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობა.

უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის.

მოაწერეთ ხელი პეტიციას და დაიცავით თქვენი კონსტიტუციური უფლება“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe61nZKoI7j7nOnPMVw-qeUxX_TSzC_Qx0jw45mLyaI4ynXTA/viewform

სრულად წაკითხვა