უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე

1 day ago 2

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე.

კონგრესმენმა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა 3 იანვრით დათარიღებული წერილი, რომლითაც კაუმას მიმართა.

ჯო უილსონის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს „ივანიშვილის რეჟიმი” გამოიყენებს ხელისუფლების „ავტორიტარული მიტაცების ლეგიტიმაციის “ საშუალებად.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, გადასახადების ამერიკელი გადამხდელების ფული არ უნდა იყოს გამოყენებული „არალეგიტიმური მთავრობის” აღიარებისთვის.

საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.

პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმაც.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.

სრულად წაკითხვა