239
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
1919 წელი იდგა. ამერიკის პრეზიდენტი იყო ვუდრო უილსონი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა რუსეთის. რუსეთში კი ამ დროს სამოქალაქო ომი მიდიოდა – თეთრები ებრძოდნენ კრემლში მოკალათებულ წითლებს, ხოლო სხვადასხვა ერებს (მათ შორის ქართველებს) დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. უილსონი მსოფლიოში პოზიციონირებდა, როგორც მშვიდობისმყოფელი. ადგა და დააბრეხვა, ყველა “რუსული ფრაქცია” (თეთრები, წითლები და ახალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკები) ერთად უნდა შევკრიბოთ და მოვალაპარაკოთო. ამ დროს, თეთრებს წითლების დახვრეტა უნდათ, ხოლო წითლებს – თეთრების, პატარა ერებს დამოუკიდებლობაზე ნაკლები არაფერი აკმაყოფილებთ, ხოლო წითლებსა და თეთრებს ამის გაგონებაც არ უნდათ. ასე ზედაპირულად განიზრახა ამერიკის პრეზიდენტმა ამხელა პრობლემის მოგვარება. შეხვედრა არ შედგა, რადგან ქართველებმა და სხვა ერების თქვეს, რომ ეგ რუსული კონფერენციაა და ჩვენ რუსეთის ნაწილები აღარ ვართ, უნდათ შეიკრიბონ და კისერიც უტეხიათო.
თეთრებმა თქვეს, რომ ძალიან განაწყენებულები ვართ, რადგან კრიმინალი ბოლშევიკების დასჯის ნაცვლად მათთან ერთ მაგიდასთან, ერთ დონეზე ჩვენი დასმა მოინდომეთო. წითლებმა თქვეს კი ბატონო შევხვდეთ, ოღონდ ოფიციალური მოწვევა გამოგვიგზავნეთო და თან ცეცხლს არ შევწყვეტთო. ეს ოფიციალური მოწვევა საერთაშორისო ლეგიტიმაციისღვის სჭირდებოდათ ბოლშევიკებს, თორე თავადაც იცოდნენ რა მასკარადი იყო ეს დიდი რუსული კონფერენცია.
ასე ხდება ახლაც ეს ამბავი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თეთრების როლში უკრაინელები არიან, ხოლო წითლებისა – პუტინი. წითლებს ოფიციალური მიწვევა უილსონისგან არასდროს მიუღიათ, ხოლო პუტინმა – მიიღო, ტრამპისგან.
უილსონი ტრამპს კიდევ ერთი რამით გავს: ჩერჩილმა მემუარებში დაწერა – უილსონი მსოფლიოში ქადაგებდა მშვიდობას, ხოლო სახლში ჰქონდა ომი ოპოზიციასთან. უილსონი რომ იტყოდა მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ოპოზიციური კონგრესი პასუხობდა – არა, დასავლეთიდანო. ოპოზიციური კონგრესი, ზუსტად ამ განწყობით, ტრამპს გაისად ეყოლება. უილსონის ყველა წამოწყება და იდეა კონგრესმა მკვდრადშობილად აქცია.