ბრიუსელში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის სამღვდელოების კრება, სადაც საქართველოს მიმდინარე პროცესების შესახებ კომუნიკე მიიღეს. კრებამ მოისმინა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, დოსითეოსის სიტყვა ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
„უპირველესად, ის, რაც გასულ დღეებში ვიხილეთ, ძალადობრივი ფაქტები, თუ როგორი სიძულვილით
უსწორდებიან ძალოვანი სტრუქტურების კონტროლდაკარგული თანამშრომლები ახალგაზრდებს, როგორი გავეშებით ურტყამს სახეში წაქცეულ მანიფესტანტს და პირდაპირი მნიშვნელობით „ძვლებში ამტვრევს“ მას სამართალდამცავი, იძულებულს გვხდის არამხოლოდ აღვასრულოთ საეკლესიო წესები და ვილოცოთ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, არამედ წმინდა ქრისტიანული და ადამიანური ეთიკის ერთგულების გამო ჩვენი ტკივილიც საჯაროდ გავაზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროცესის შესახებ.
ეკლესია თავისი მისიით, შინაარსითა და საქმიანობით სრულიად სხვა ბუნებისაა ვიდრე პოლიტიკა, ამ სიტყვის ინსტიტუციურ-სეკულარული გაგებით, შესაბამისად ჩვენი განცხადება არანაირად არ წარმოადგენს პოლიტიკურ გზავნილს, არამედ ესაა მცდელობა ვემსახუროთ ქრისტიანულ, ჰუმანურ პრინციპებსა და ღირებულებებს. არ გვსურს მიკერძოებული ვიყოთ. პროტესტს, რომელიც არამხოლოდ ახალგაზრდებში და ამომრჩევლის ნაწილში, არამედ უნივერსიტეტებსა და ნაწილობრივ სახელმწიფო ინსტიტუციებშიც გაჩნდა, აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები.
პარტია, რომელიც თავის დროზე ხალხის უმეტესმა ნაწილმა „დემოკრატიული ღირებულებების აღორძინების“ დაპირების გამო აირჩია, არა მხოლოდ ულტრა-მემარჯვენე მიმართულების ხელისუფლებად ჩამოყალიბდა, არამედ ქვეყნის მომავლის, კონსტიტუციურად აღიარებული და გამყარებული კურსის შემაფერხებლადაც კი გვევლინება. როგორც ეს ჩვეულებრივ ახასიათებთ ხოლმე ხანგრძლივი დროით, უწყვეტად ხელისუფლებაში მყოფთ პარტიებს, რომლებმაც სრულიად სხვა დაპირებების გამო მოიპოვეს ნდობა და შემდეგ სხვა რამისთვის გამოიყენეს ძალაუფლება. კურსის ასეთი სახეცვლილება, პოლიტიკური სამართლიანობის განცდადაკარგულ საზოგადოებაში შიშს და ბრაზს ბადებს. ჩვენი ხალხი ყოველთვის გრძნობს, როდესაც დემოკრატიული იდეებით მოსული ხელისუფლება, ავტორიტარულ პოლიტიკას ირჩევს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. ახლაც მსგავსი საფრთხის წინაშე ვდგავართ — ხალხი აღშფოთებულია დაუცველობის განცდით. მმართველი პარტია კონსტიტუციური ნორმების საკუთარ თავზე მორგებად წარმოჩნდება და დაანონსებული ღირებულებებისადმი ერთგულება მხოლოდ სიტყვებად დარჩა. რამაც, ბუნებრივია, მძიმე ვითარება შეიქმნა.
ჩვენი მოვალეობაა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ქუჩაში ხალხი შემთხვევით არასდროს გამოდის, არც წინა ხელისუფლების დროს, ნოემბრის ცნობილი გამოსვლები იყო შემთხვევითი და არც დღევანდელი აღშფოთება. რთულია ეკლესიის როლი მსგავს სიტუაციებში. ყველა ხელისუფლება ცდილობს, ეკლესიის მხარდაჭერით პოზიციები გაიმყაროს. ეს ფაქტი ეკლესიისთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოს. შევახსენებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს და შესაძლოა, საზოგადოების ერთ ნაწილსაც, რომ უნდა დასრულდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის მიზნების აღრევა და ეკლესიის ინსტრუმენტალიზების მცდელობა. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ლეგიტიმურობის წყაროს ეკლესიაში ძიება. ჩვენ შეუმცდარნი არ ვართ, მაგრამ ყველა განსაცდელში ეკლესია იყო, არის და იქნება თავის ხალხთან. ეკლესია თავისი ბუნებით ასეთია, შემოიკრებს ხალხს (პოზიციაში იქნება ის, თუ ოპოზიციაში) და აერთიანებს მათ იესო ქრისტეში.
დასავლეთ ევროპაში, იმდენი მორწმუნე უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ზოგიერთ რეგიონს საქართველოში ამდენი ამომრჩეველი არ ჰყავს, ხოლო მათ, ვინც, შესაძლოა ხელისუფლებას მხარი საარჩევნოდ გამოცხადებული ღირებულებათა დაცვის იდეის გამო დაუჭირა, არ სურთ საქართველოში მოვლენები შეუქცევადად და ფატალურად განვითარდეს. კონსტრუქციულობა უალტერნატივოა! რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს ჩაფიქრებული არ აქვს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებით, ქვეყნის საბოლოო ოკუპაციას გაუხსნას გზა და ეს „დაპირისპირებულობას“ დააბრალოს, მის „ლოგიკურ“ შედეგად წარმოაჩინოს. მძიმე რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. სიტყვას დიდი ხანია ფასი დაეკარგა, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენას.
დღევანდელი ხელისუფლებისათვისაც, თუ მას ამის რესურსი კიდევ დარჩა, მნიშვნელოვანი იქნებოდა მოუბრუნდეს ახალგაზრდებს და აუხსნას რატომ არ „ვრუსდებით,“ რატომ და როგორ გვსურს ევროპა თუნდაც 2030 წლისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოლაპარაკების მაგიდასთან ახალგაზრდებთან ერთად დაჯდეს, რათა განახორციელოს რადიკალური ცვლილებები არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით არ შევთანხმდით, საშველი ევროპული პოლიტიკის იმედი, ან მისი კრიტიკა ვერ იქნება, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ვერც რუსეთის იმედი ან გნებავთ „დათვზე ბაბაიას ძახილი“.
ასევე, ეკლესია, როგორც მიმტევებელი და ჰუმანური ინსტიტუცია, ვალდებულია ჯანსაღ დიალოგში შევიდეს დაპირისპირებულ მხარეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. ეკლესიას არ შეუძლია პოლიტიკური პოზიციონირება, მას არ აქვს ამის უფლება, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის ეკლესიის საყოველთაობის პერსპექტივას. ეკლესია კვლავ უნდა დაადგეს იმ გზას, რომლითაც, შემოიკრიბა რა 70-იან, 80-იან წლებში საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დამოუკიდებლობის იდეისთვის სივრცე გააჩინა.
მსგავსი გზის საჭიროებას ვგრძნობთ დღესაც, ახალგაზრდებთან და ნებისმიერ სუბიექტთან კონსტრუქციული კომუნიკაციით, ეკლესიამ უნდა გააჩინოს ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანი დიალოგის სივრცე და პერსპექტივა. ის ჩვენს მომავალ თაობასთან, ახალგაზრდებთან უნდა შევიდეს გულწრფელ ურთიერთობებში, ჩვენ უნდა გულწრფელად ვესაუბროთ და მოვუსმინოთ მათ. ისინი საკმარისად ერუდირებულნი არიან და საკმარისად პატრიოტებიც. მათ იციან ჩვენი ქვეყნის, მსოფლიოს, და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო კონტექსტში არსებობის ისტორია, კარგად ესმით ამის მნიშვნელობა. ისინი საკუთარი ინტელექტითა, თუ თავიანთი წინაპრების დიდი გამოცდილებით ხვდებიან, სად გადის გზა სინათლესა და სიბნელეს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. მათ სამართლიანობის მიმართ სწორი მგრძნობელობა აქვთ და რეაგირებენ. ისინი ჩვენზე ძლიერები არიან უკვე.
გარდა ამისა, ისინი იესო ქრისტეს სწავლებას იღებენ როგორც ღირებულებით მოცემულობას. არასდროს ერევიან უხეშად ღვთისმსახურების საკითხებში, არასდროს იშვერენ ხელს ცოდვილისაკენ. მიმტევებლები არიან და მუდამ მზად არიან სიყვარულს, სიყვარულით უპასუხონ. სურთ სამართლიანობა და დისკუსიაში შედიან მთელი გულწრფელობით. მზად არიან დაეხმარონ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სოლიდარულნი არიან სოციალური თვალსაზრისით. განსხვავებული ხედვების მიმართ არ არიან რადიკალურნი და შეურიგებელნი. კარგად იციან თავიანთი მშობლების თაობის და მათზე უფროსი თაობის დადებითი და უარყოფითი. ისინი შორს არიან აბსოლუტიზმისგან, შესაბამისად ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს თავის მომავალ თაობას და გულწრფელად, ღიად იქადაგოს ჩვენი უფლის ისეო ქრისტეს სიყვარული, წონასწორობაში მოიყვანოს საღვთო და ადამიანური ღირებულებები. ახალგაზრდებს უნდა ვესაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, მათ შორის პოლიტიკური მოცემულობის საზღვრებში, ჭეშმარიტებისადმი თავისუფლად მსახურების პერსპექტივა.
სასულიერო პირი ქვეყნის მოქალაქეა. ცხადია, მას აწუხებს თავისი სამშობლოს ღირებულებითი მომავალი. ამ საკითხზე გაგვიჭირდება თვალის დახუჭვა. მაგრამ შემრიგებელია, მომთმენია და მამხილებელი შეუწყნარებლობისა, ეგოცენტრულობისა, რომელიც ყოფს და არ ამთლიანებს. ის განასახიერებს ჯვარცმული ქრისტეს სახეს და არა რომელიმე პარტიულ მუშაკს, ჩინოვნიკს. ღმერთი არაა ადმინისტრატორი, არამედ უმაღლესი, ხორცშესხმული სიყვარული.
წუთისოფლის სივერაგის გამო არ შეიძლება გამოვხატოთ რომელიმე პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულება. სასულიერო პირს უნდა ესმოდეს, რომ ყოველი კაცი ცრუ და ამაოა, მაგრამ იწვოდეს სულიწმიდის მადლით ყოველი სულისთვის და არ იბრძოდეს წუთისოფლის მანქანებით ვინმეს გადასარჩენად. ისე როგორც არ იბრძოლა ქრისტემ, რადგან თავისუფლება არჩევანია, შენი არჩევანი და შენი მოყვასის არჩევანი. თავისუფლება გარანტია ასევე მშვიდობის, ეს კი საბოლოოდ ბადებს ერთობას. მაგრამ, მშვიდობა მიუღწეველი რამაა თანხმობის გარეშე, ვისაც შეთანხმება არ სურს, მას არ სურს მშვიდობა. თანხმობისთვის კი ურთიერთობაა საჭირო, მოთმინებით, სიკეთით, თავმდაბლობით ურთიერთობა. კონსენსუსი მხოლოდ ასე მიიღწევა — მტკიცე რწმენით, რომ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს.
თუ ერთმანეთი გვეყვარება, ბოროტებამ დროებითაც რომ იზეიმოს, ერთმანეთის სიყვარულში ჯოჯოხეთი სამოთხედ გვექცევა და პირიქით, თუ შევიძულებთ ერთმანეთს, სამოთხეშიც რომ დაგვასახლონ ჯოჯოხეთად ვაქცევთ მას. ჩვენ ერს ბევრი ტკივილი და დამარცხება გადაუტანია, მაგრამ მისმა რჩეულმა ნაწილმა არასდროს უღალატა ქრისტეს, სამშობლოს და მოყვასს. მშვიდობისთვის, უკან უნდა იქნას გაწვეული საკონსტიტუციო ნორმის აღსრულების გადავადების პოლიტიკა, როგორც არასამართლებრივი ქცევა და დამაზიანებელი თვითშემოქმედება.
ეკლესიის ვალია სიმართლე უთხრას ყველას, ვისაც მისი ხმა აინტერესებს. სასულიერო პირები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შევახსენოთ ოპოზიციასაც, რომ მსგავს ვითარებაში ექსტრემიზმი დამაზიანებელი იქნება საქართველოს მომავლისთვის. ამ მძიმე ვითარებაში გვსურს თქვენი ყურადღება მიაქციოთ სასულიერო პირების აუგად მოხსენების ნარატივს. როგორც ვთქვით უშეცდომონი არ ვართ, მაგრამ ამომრჩეველ მორწმუნეთა უმრავლესობას ეს არ მოსწონს. საზოგადოების თვალში, არჩევნების პირობებში ფატალურად ჟღერს „მივუბრუნდებით ეკლესიას“… თუ გაიმარჯვებ, „მივუბრუნდე ეკლესიას“ ნიშნავს, ხელისუფლებების მსგავსად, პირად სივრცეში შეჭრას, არა მხოლოდ ეკლესიის პირად სივრცეში, არამედ ყოველი მოქალაქის. სამწუხაროდ ამის გამოცდილებაც გვაქვს. მოვა ხელისუფლებაში და „მიუბრუნდება ეკლესიას“ ნიშნავს გააგრძელებს ეკლესიის დამორჩილების მცდელობის ტრადიციას, რასაც აკეთებდნენ კომუნისტები, შემდეგ ყველა ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ქვეყნის სათავეში. საბოლოოდ კი, ეს ნიშნავს იმას, რომ არასდროს უნდა გვქონდეს სამართლიანი სახელმწიფო, არამედ უკეთეს შემთხვევაში „ავტორიტარული დემოკრატია“ — ის, რასაც დღეს ებრძვით.
და ბოლოს, შესაძლოა ამ მძიმე მომენტში, ბევრმა ამ ყვირილის მიზეზი და ამოძახილის ხმა ვერ გაიგოს, მაგრამ ეს არის ის, რამაც დღეს ძველი გამოცდილებისამებრ ძალადობისთვის, უსამართლობისთვის არსებული პირობები შექმნა. რევანში შობს რევანშს, ისე როგორც ძალადობა შობს ძალადობას. თუ გვსურს ქვეყანა შევინარჩუნოთ, მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ დიდსულოვნება და თავმდაბლობა. ახლა არ არის მემარცხენეობის და მემარჯვენეობის დრო. ვავედრებთ უფალს ახალგაზრდების სულსა და გონებას, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული ვითარებიდან თავის დაღწევა და ევროპული მომავლის შესახებ კვლავ სიცხადის მიღწევა.
„ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს“ არ ნიშნავს უმოკავშიროდ დარჩენას, არც მტრის გაღიზიანებას. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია ყოველმა მხარემ მოუსმინოს ერთმანეთს, ქვეყნისათვის სასარგებლო შედეგების მისაღწევად. ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოებისა და მისი მომავლის შესაქმნელად“.