მეტრეველი იხსენებს, რომ სპეცრაზმელებმა მას ჰკითხეს, რამდენს უხდიდნენ აქციაზე დგომისთვის. მისი თქმით, სამართალდამცველებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე გულწრფელი წუხილის გამო შეიძლება გახვიდე. თუმცა, ამბობს, რომ ცემთ ვერ შეაშინებენ და კვლავაც გაგრძელებს მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას,.
“48 საათი [იზოლატორში ყოფნის დრო] სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, თუ რამხელა ჭაობშია დღეს ჩვენი ქვეყანა, სახეწაშლილი ინსტიტუტებით, ძალაწართმეული მოსამართლეებით, დაშინებული პოლიციის თანამშრომლებით რომლებიც ერთი და იმავე მესიჯბოქსით მანიპულირებენ. არ შეშინდე! გაბრაზდი”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
აქციაზე ნაცემი და დაკავებული არაერთი მოქალაქე ჰყვება, რომ სპეცრაზმელები მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას იღებდნენ, ფიზიკურის გარდა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დასცინოდნენ. ასევე, აიძულებდნენ მათი ხელმძღვანელის, ხარება საქებარი სიტყვების გამეორებას.
ერთ-ერთი ვინც ამის შესახებ ისაუბრა მთარგმნელი დათა ხარაიშვილია.
“გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, ხარებას გაუმარჯოს და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ. 100 მეტრს გაუვლიდა ეს სამარშრუტო, იქ სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ აგრესიულად – “აბა, ვინ მოგვიყვანეთ?!”. შემოცვივდებოდნენ და მერე იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა”, – ასე იხსენებს ხარაიშვილი მასზე ძალადობის დეტალებს.
ცემის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდის მოტეხილობის გამო.
ამავე თემაზე: