უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ახალ თავდასხმას და ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილავს შეტევას რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზე.
გენერალმა სირსკიმ ტელეკომპანია ТСН-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 30 ივნისს ღამით გავიდა, განაცხადა, რომ პუტინმა რუსეთის გენერალურ შტაბს დაავალა ახალი შეტევითი ოპერაციების სხვადასხვა ვარიანტის განსაზღვრა, მათ შორის ბელარუსიდან, კიევისა და სხვა ტერიტორიების დაპყრობის მიზნით.
ოლექსანდრ სირსკის თანახმად, რუსეთის გენშტაბმა მოქმედების რამდენიმე ვარიანტი მოამზადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ბელარუსის ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ტერიტორია რუსეთს პლაცდარმად დაუთმოს, თუმცა უკრაინა ამ ვარიანტსაც ითვალისწინებს.
გენერალ სირსკის არ განუმარტავს, რას გულისხმობდა ბოლო მოვლენებში.
- ამ გაზაფხულიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთზე შეტევა გააძლიერეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის სიღრმეში. სამხედრო საკითხების ექსპერტთა შეფასებით, უკრაინას უპირატესობა აქვს ე.წ. დამრტყმელი დრონებით მოქმედებაში.
გენერალ სირსკის განცხადებით, გაცილებით რეალისტურია ახალი შეტევა ჩრდილოეთიდან, რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზე, რასაც სხვადასხვა მონაცემიც ადასტურებს.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ახალი მონაკვეთის გახსნით შეეცდება, რომ უკრაინამ თავდაცვის ძალების ნაწილი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ჩერნიგოვისკენ მიმართოს და ფრონტის ხაზი გაზარდოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმციით, ამ ვარიანტისთვის ემზადებიან.
- 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ბელარუსი ერთი კვირის ვადაში არ აიღებს უკრაინის საზღვრის მახლობლად განთავსებულ რეტრანსლატორებს, რომლებიც რუსეთს დრონების მართვაში ეხმარებიან, ამას თავად უკრაინა გააკეთებს.
- 24 ივნისს ზელენსკიმ მედიას უთხრა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რეტრანსლატორების მუშაობა შეწყდა.

3 weeks ago
35







English (US) ·
Georgian (GE) ·