WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პარლამენტმა კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ომი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება თანამგზავრულ კავშირზე, კოსმოსურ დაზვერვასა და სარაკეტო საფრთხეების დროულ აღმოჩენაზე. შეძლებს თუ არა უკრაინა საკუთარი კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნას და რამდენად შეამცირებს ეს ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას?

თანამედროვე ომში ბრძოლის ველი მხოლოდ ხმელეთით, ჰაერითა და ზღვით აღარ შემოიფარგლება. სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კოსმოსიც – დედამიწის ორბიტაზე განთავსებული თანამგზავრები დღეს სამხედრო კავშირის, დაზვერვისა და სარაკეტო საფრთხეების დროული აღმოჩენის უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს.

ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა უკრაინის ომის მაგალითზე. თანამგზავრული კავშირი Starlink-ი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო საშუალებად იქცა, თუმცა უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას გარკვეულწილად მოწყვლადს ხდის.

სწორედ ამ გამოწვევების ფონზე უკრაინა საკუთარი კოსმოსური შესაძლებლობების განვითარებასა და შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ახალი ქვედანაყოფის – კოსმოსური ძალების შექმნას გეგმავს.

9 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამის კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტს 252-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ინიციატივის ავტორებს შორისაა ფიოდორ ვენისლავსკი, უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი.

კანონპროექტის მიზანია უკრაინის თავდაცვისთვის კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენების ერთიანი სისტემის შექმნა. საუბარია საკუთარ თანამგზავრულ დაზვერვაზე, დაცულ კავშირზე, სარაკეტო გაშვებების ადრეული აღმოჩენის სისტემასა და კოსმოსიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობებზე.

ორი კრიტიკული დამოკიდებულება – ამერიკული დაზვერვა და „სტარლინკი“

უკრაინის კოსმოსური ძალების შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას ექსპერტები ორ მთავარ პრობლემას გამოყოფენ: ამერიკულ სტრატეგიულ კოსმოსურ დაზვერვაზე და თანამგზავრული კავშირის სისტემებზე დამოკიდებულებას.

ანალიტიკურ ცენტრ New Geopolitics Research Network-ის დირექტორის, მიხაილო სამუსის შეფასებით, უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დამოუკიდებლად მოიპოვებს, თუმცა განსაკუთრებით საჭირბოროტო საკითხია ბალისტიკური რაკეტების გაშვების დროული აღმოჩენა. ეს ინფორმაცია პირდაპირ უკავშირდება როგორც სამხედრო თავდაცვას, ისე მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია Starlink-ი და მისი სამხედრო დანიშნულების ვერსია – Starshield.

Starlink-ის თანამგზავრული ქსელი უკრაინის არმიისთვის მხოლოდ ინტერნეტკავშირი არ არის. მას იყენებენ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაციისთვის, მართვისა და ინფორმაციის გადასაცემად, მათ შორის, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. შესაბამისად, ამ სისტემის მუშაობაში ნებისმიერი შეფერხება სამხედრო ოპერაციებზეც აისახება.

პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2026 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში – ამ პერიოდში უკრაინულმა მხარემ Starshield-ის გამოყენებისას სიჩქარის შეზღუდვები დააფიქსირა. 12 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სისტემის ტერმინალებისთვის დაწესებული შეზღუდვა საათში 161 კილომეტრს (100 მილი) შეადგენდა და ეს უკრაინულ ძალებს რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების დროულად გადაჭერაში ხელს უშლიდა.

საქმე ისაა, რომ უკრაინა მოწინააღმდეგის დრონების წინააღმდეგ თავადაც იყენებს სწრაფ უპილოტო გადამჭერებს. თუ მართვისა და კავშირის სისტემები დრონების გადაადგილების სიჩქარეს ზღუდავს, მათ მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეების დევნა და ჩამოგდება უჭირთ.

13 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრობლემა კვლავ არსებობდა და უკრაინამ ამერიკულ მხარესთან კონტაქტების გააქტიურება გადაწყვიტა. 14 ნოემბერს ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-ის ხელმძღვანელობა უკრაინულ მხარესთან საუბრისას შეზღუდვების დაწესებას უარყოფდა და პრობლემას ტექნიკური ხასიათის შეფერხებით ხსნიდა. უკრაინული მხარე კი აცხადებდა, რომ შეზღუდვები რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სარისკოა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დამოკიდებულება იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც სხვა სახელმწიფო ან კერძო კომპანია აკონტროლებს.

რატომ არის საჭირო კოსმოსური ძალების ცალკე სტრუქტურა

კოსმოსური ძალების შექმნის იდეა მხოლოდ თანამგზავრების გაშვებას არ გულისხმობს. უკრაინას სურს ჩამოაყალიბოს ერთიანი სამხედრო ცენტრი, რომელიც კოსმოსურ პროექტებს შეათანხმებს, განსაზღვრავს მათ სამხედრო დანიშნულებას, შეიმუშავებს გამოყენების სტრატეგიას და შესაბამის სპეციალისტებს მოამზადებს.

კოსმოსური მიმართულებით მუშაობა უკრაინაში უკვე მიმდინარეობს, თუმცა სხვადასხვა პროექტი და შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაშია განაწილებული.

კოსმოსური საქმიანობის ექსპერტის, უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ანდრიი კოლესნიკის შეფასებით, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი გარკვეული სახმელეთო ინფრასტრუქტურა და კოსმოსური დარგის სპეციალისტებიც ჰყავს, თუმცა ამ რესურსების ერთიან სისტემაში მოქცევაა საჭირო.

ექსპერტის აზრით, კოსმოსური ძალები შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთიან საკოორდინაციო ცენტრად, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს სახელმწიფოს, სამხედრო უწყებებსა და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობას.

მსგავსი მიდგომა უკრაინამ უკვე გამოიყენა უპილოტო სისტემების მიმართულებითაც: თავდაპირველად არსებული ცალკეული დანაყოფები მოგვიანებით ერთიან სტრუქტურად გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანა კოსმოსურ სამხედრო შესაძლებლობებს ცალკე სახეობის ჯარად არ აყალიბებს. მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში კოსმოსური მიმართულება საჰაერო ძალების სტრუქტურაშია ინტეგრირებული. უკრაინა კი ცალკე კოსმოსური ძალების შექმნის გზას ირჩევს, რათა ამ სფეროს საკუთარი მართვის სისტემა და მკაფიო პასუხისმგებლობები ჰქონდეს.

პირველი უკრაინული თანამგზავრი უკვე ორბიტაზეა

უკრაინის საკუთარი თანამგზავრული ინფრასტრუქტურის შექმნა მხოლოდ სამომავლო გეგმა არ არის, ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯიც გადაიდგა.

2026 წლის 1-ელ ოქტომბერს უკრაინულმა კომპანია HIMERA-მ და დანიურმა კომპანია GomSpace-მა ორბიტაზე გაუშვეს Obria Nano – მომავალი დამოუკიდებელი უკრაინული საკომუნიკაციო ქსელის პირველი სატესტო თანამგზავრი. გაშვება SpaceX-ის მისიის, Transporter-18-ის ფარგლებში განხორციელდა.

27 ოქტომბერს კომპანიებმა დაადასტურეს, რომ თანამგზავრი უკვე მუშაობდა და მისი შესაძლებლობების გამოცდა გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა.

ცხადია, ეს ჯერ არ არის Starlink-ის სრულფასოვანი ალტერნატივა. Obria Nano სატესტო აპარატია, რომლის საშუალებითაც სპეციალისტები მომავალი თანამგზავრული ქსელისთვის საჭირო ტექნოლოგიებს ამოწმებენ. პროექტის მიზანია უცხოურ სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება და უკრაინაში თანამგზავრებისა და სახმელეთო ტერმინალების შექმნის შესაძლებლობის განვითარება.

ამასთან, უკრაინის თავდაცვისთვის საჭიროა არა მხოლოდ საკომუნიკაციო, არამედ სადაზვერვო თანამგზავრებიც. ისინი სხვადასხვა დანიშნულების მონაცემებს აგროვებენ:

  • ოპტიკურ-ელექტრონული თანამგზავრები დედამიწის ზედაპირს იღებენ და სამხედრო ობიექტების, ტექნიკისა და გადაადგილების დაკვირვების საშუალებას იძლევიან;
  • რადიოლოკაციური თანამგზავრები დედამიწის ზედაპირს ღრუბლიანობისა და ღამის პირობებშიც აკვირდებიან;
  • სითბური სენსორებით აღჭურვილი თანამგზავრები რაკეტების გაშვებისას წარმოქმნილი სითბური კვალის აღმოჩენას უზრუნველყოფენ.

ბოლო შესაძლებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენისთვის. რაც უფრო ადრე მიიღებს უკრაინა ინფორმაციას მოწინააღმდეგის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, მით მეტი დრო ექნება თავდაცვით სისტემებს რეაგირებისთვის და მოსახლეობას – უსაფრთხო ადგილას გადასასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ძალების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება შედარებით სწრაფად შეიძლება, სრულფასოვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნა გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ანდრიი კოლესნიკის შეფასებით, უკრაინას სპეციალური თანამგზავრები, მათ შორის, უნიკალური სითბური სენსორებით აღჭურვილი აპარატები სჭირდება. ასეთი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოში ბევრი არ არის, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამა და მისი სტაბილური დაფინანსება.

გარდა ამისა, ერთი სატესტო თანამგზავრის გაშვებას სრულფასოვანი ქსელის შექმნამდე რამდენიმე ეტაპი უნდა მოჰყვეს: ტექნოლოგიის გამოცდა, პროტოტიპის შემუშავება, მისი ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ – სერიული წარმოება.

კოლესნიკი მიიჩნევს, რომ უკრაინას საკუთარი კოსმოსური შესაძლებლობების შესაქმნელად, სულ მცირე, ორი-სამი წელი დასჭირდება. მისივე თქმით, ორბიტაზე თანამგზავრების გასაშვებად შესაბამისი რაკეტების დაქირავებაც წინასწარ უნდა დაიგეგმოს – ზოგჯერ ამისთვის დაახლოებით ორი წლით ადრეა საჭირო ადგილის დაჯავშნა.

ექსპერტი რუსეთის გამოცდილებასაც ასახელებს მაგალითად: ქვეყანას საკუთარი თანამგზავრული ქსელის, „რასვეტის“ («Рассвет») განლაგებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდა – ტექნოლოგიური დემონსტრატორებიდან პროტოტიპებამდე და პირველი პარტიის გაშვებამდე.

უკრაინული კომპანია HIMERA-ს ვიცე-პრეზიდენტი თანამგზავრული ტექნოლოგიების მიმართულებით დმიტრი ხმარა Obria-ს ქსელის განლაგების ოპტიმისტურ ვადად ასევე ორ-სამ წელს ასახელებს. ამ ეტაპზე პროექტი კერძო დაფინანსებით ხორციელდება.

უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს ფიოდორ ვენისლავსკის. მისი ვარაუდით, კოსმოსური ძალების შექმნიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინას უკვე შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე რადიოლოკაციური და ოპტიკურ-ელექტრონული თანამგზავრისგან შემდგარი საკუთარი თანამგზავრული სისტემა. დეპუტატი ასევე იმედოვნებს, რომ ამავე პერიოდში პირველი უკრაინული საკომუნიკაციო თანამგზავრები გამოჩნდება.

კანონპროექტი ჯერ მეორე მოსმენით უნდა მიიღონ, შემდეგ კი პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს. შესაბამისად, კოსმოსური ძალების შექმნის საბოლოო ვადები და დაფინანსების საკითხიც ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

კოსმოსი – ახალი სამხედრო კონკურენციის სივრცე

უკრაინის ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე სამხედრო დაპირისპირებაში კოსმოსური ინფრასტრუქტურა ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც ტრადიციული შეიარაღება.

უკრაინისთვის საკუთარი თანამგზავრების ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ომის პირობებში ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებებსა და კერძო კომპანიების მიერ კონტროლირებად ტექნოლოგიებზე.

თუმცა საკუთარი კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნა ძვირი, რთული და ხანგრძლივი პროცესია. ორი-სამი წელი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ Starlink-ის მასშტაბის ქსელის შექმნა გაცილებით მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.

აქედან გამომდინარე, უკრაინის კოსმოსური ძალების შექმნა უნდა განვიხილოთ არა Starlink-ის დაუყოვნებლივ ჩანაცვლების მცდელობად, არამედ გრძელვადიან გეგმად, რომელიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ტექნოლოგიებზე დამოუკიდებელი კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.

ნიკო აბაშიშვილი