უკრაინის სამთავრობო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის მთავრობა გეგმავს, მომავალ წელს თავისი ბიუჯეტის სარეკორდო ნაწილი - ორი მესამედი თავდაცვაზე დახარჯოს, რადგან რუსეთთან ომის ხარჯები სულ უფრო იზრდება.
რუსეთის ომმა, რომელიც ოთხნახევარი წელია გრძელდება, მძიმე დარტყმა მიაყენა უკრაინის ეკონომიკას, გამოიწვია მილიარდობით დოლარის ზარალი და უზარმაზარი ხვრელი გააჩინა მისი მეზობლის ფინანსებში.
ომით განადგურებულმა ქვეყანამ თავდაპირველად საკუთარი შემოსავლები გამოიყენა თავდაცვის ხარჯების დასაფარად, თუმცა შემდგომში სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული უცხოელ პარტნიორებსა და მხარდამჭერებზე.
უკრაინის მთავრობა გაისად საგარეო დახმარების სახით დამატებით 53 მილიარდი დოლარის მოზიდვას შეეცდება, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან, განაცხადა მთავრობამ.
„2027 წლის ბიუჯეტის პროექტი იმ პირობებში მომზადდა, როდესაც რუსული აგრესია გრძელდებოდა, ხოლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებები კვლავ გადამწყვეტ პრიორიტეტად რჩებოდა“, — აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ სამშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
„ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია. სახელმწიფოს ყველა შესაძლო შიდა რესურსი მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს ეფექტიანად გაუწიოს წინააღმდეგობა აგრესორს“, — დასძინა მან.
უკრაინა 2027 წელს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე სარეკორდო 4.9 ტრილიონი გრივნის (109 მილიარდი დოლარი) დახარჯვას გეგმავს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 44 პროცენტს შეადგენს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამ თანხის დაახლოებით მესამედი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი — ძირითადად, შეიარაღებასა და აღჭურვილობას.
შედარებისთვის, რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე დაახლოებით 13.6 ტრილიონი რუბლის (161 მილიარდი დოლარი) დახარჯვას გეგმავდა, რაც მისი ბიუჯეტის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს პარლამენტი გააფრთხილა, რომ უცხოური დაფინანსების მოსაზიდად მოუწევთ „არასასიამოვნო და არაპოპულარული“ ზომების მიღება, რომელთა შორის არის გადასახადი უცხოურ ამანათებზე.
„ახლა, ამ ნაბიჯების გარეშე, შეუძლებელია ჩვენი თავდაცვის სრული საჭიროებებისა და უკრაინის მდგრადობის უზრუნველყოფა“, — განაცხადა მან.
გაზეთი „ეკონომიჩნა პრავდა“ ხუთშაბათს იტყობინებოდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ სახსრების უკმარისობის გამო დეკემბრამდე გადადო ენერგოსისტემის ზამთრისთვის მომზადების ხარჯები.
უკრაინამ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი უცხოელი პარტნიორებისგან დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო, აგრეთვე მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება.
radiotavisupleba ახალი ამბები