უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს – 19 პირს, რომლებიც „ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან მოუწოდა ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ, „იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“.
სანქციების შესახებ თავის ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ ვერ დავკარგავთ ვერავის ამ რეგიონში – ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვისგან თავის დასაცავად“.
მან განაცხადა, რომ ახლახანს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ძალაში შედის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება, და დასძინა, რომ სანქციების სამიზნეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ის ნაწილი, „რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „სწორედ ეს არის ის, რასაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები ეხება“.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენმა პარტნიორებმა ახლავე უნდა ამოიღონ ხმა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ იმაზე, რაც ხდება და იმოქმედონ“. „თუ დროულად არ უპასუხებთ ან პრინციპულად არ იმოქმედებთ, შედეგები შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს და ქვეყნებმა თავისუფლება დაკარგონ“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)