უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

2 months ago 28

15 მარტის დილით, უკრაინამ, რუსეთის კალუგის რეგიონში, მცირე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინული დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასულ კვირაში, კიევმა რუსეთის ძირითად ნავთობის ობიექტებზე, დრონებით თავდასხმის მთელი სერია განახორციელა. ამით, კიევი ცდილობს, მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის თავზე, რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსები შეზღუდოს. თუმცა, კერძო საკუთრებაში მყოფი კალუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოსკოვის გარეუბნიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის უმთავრეს ნავთობის საწარმოებს შორის არ არის. საწარმოს მონაცემებით, მისი პირველადი გადამამუშავებელი ერთეულის სიმძლავრე წელიწადში, 1,2 მილიონი ტონაა, რაც დღეში დაახლოებით, 24 000 ბარელია.

უკრაინული წყარო, „როიტერს“ ეუბნება, რომ კიევი ობიექტზე მიყენებულ ზარალს სწავლობს.

ვლადისლავ შაფშამ, კალუგის რეგიონის რუსმა გუბერნატორმა, სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ოთხი დრონი ჩამოაგდო იმ მხარეში, სადაც ქარხანა მდებარეობს და რომ თავდასხმის შედეგად, ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და მას არც მსხვერპლი მოჰყოლია.

რუსეთთან ომის განმავლობაში, თავდასხმით შესაძლებლობებში რუსეთის ძალებთან არსებული განსხვავების შესავსებად, უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოება პრიორიტეტად დასახა. უკრაინის სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც მხარს უჭრს დრონების ქვეყნის შიგნით წარმოებას, „როიტერთან“ საუბრისას ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმებისთვის, კიევი შორ მანძილზე მოქმედი ათასობით დრონის წარმოებას გეგმავს.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის პირველივე წლიდან, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, შორს მოქმედი, ირანული წარმოების ათასობით დრონი გამოიყენა, რომელიც „შაჰედის“ სახელითაა ცნობილი.

ამ ფონზე, უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის ქალაქ ვინიცაში, დრონებით რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სრულად წაკითხვა