უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება ავრცელებს.
ალექსეი კულება აღნიშნავს, რომ უკრაინის ყველა ოლქი, ყველა დიდი და პატარა ქალაქი კრივი რიჰის გვერდითაა, რომელზეც იერიში რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. კულება წერს, რომ კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაეშვება.
„დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხვალ გამოცხადდება გლოვის დღე. კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაეშვება და სიჩუმე იქნება.
რუსეთი ეომება უკრაინის ქალაქებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა და სათამაშო მოედნებს. ის ანადგურებს სიცოცხლეს, კლავს ბავშვებს“, – წერს კულება.
4 აპრილს რუსეთმა იერიში მიიტანა კრივი რიჰზე. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის ცხრა ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 74 ადამიანი.