15 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 34 ათასზე მეტი დაშავდა უკრაინაში ომის განმავლობაში, ეს რიცხვები უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ დაასახელა.
მისი მონაცემებით, 237 ათასი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა ან დაზიანდა.
კრავჩენკოს სიტყვებით, მათი მოვალეობაა დაადგინონ დანაშაულები, რათა "ომის ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი".
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 13 833 ადამიანი და დაშავდა 35 548 მშვიდობიანი მცხოვრები.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.