1
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგმა თქვა, რომ მსოფლიო ირანის წინააღმდეგ “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს, რათა ირანი უფრო დემოკრატიულ ქვეყანად იქცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
კელოგმა ამ საკითხზე პარიზში ირანული ოპოზიციური მოძრაობის, ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) ღონისძიებაზე ისაუბრა.
“ეს ზეწოლა არ არის მხოლოდ კინეტიკური, არ არის მხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ უნდა იყოს ეკონომიკურიც და დიპლომატიურიც”. – თქვა კელოგმა.
კელოგის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ “ირანი უკეთესობისკენ შეიცვალოს”, მაგრამ ეს შესაძლებლობა სამუდამო არ არის.
“უნდა გამოვიყენოთ სისუსტეები, რომლებსაც ახლა ვხედავთ”. – თქვა კელოგმა.
NCRI-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, მარიამ რაჯავიმ თქვა, რომ სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლასა და ისრაელთან ომის შედეგად ჰეზბოლას დასუსტების ფონზე, რეგიონული ძალთა ბალანსი ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გადაიხარა
“დროა, რომ დასავლურმა მთავრობებმა წარსული პოლიტიკა მიატოვონ და ამჯერად ირანელი ხალხის გვერდით დადგნენ”. – თქვა რაჯავიმ.
წინასაარჩევნოდ ტრამპი ამბობდა, რომ ირანთან მიმართებით თავისი წინა ვადის პოლიტიკას დაუბრუნდებოდა.
აქამდე ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლით ცდილობდა, რომ ქვეყანა მის ბირთვულ პროგრამაზე, ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და სხვა საკითხებზე დაეყოლიებინა.
NCRI-ს ირანი ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საფრანგეთი ტერორისტული ჯგუფის მასპინძლობაში დაადანაშაულა.
“საფრანგეთის მიერ ტერორისტული ჯგუფის მასპინძლობა ტერორიზმის მხარდაჭერისა და საფრანგეთის მთავრობის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს”. – წერია ირანის განცხადებაში.