რუსეთის ჯარებმა სამიდან ოთხი ნოემბრის ღამით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის სამიზნეებს შორის ისევ ენერგოობიექტები იყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ტერნოპოლის და როვნოს ოლქებში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროში დარტყმა იყო საწარმოზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი. საწარმოზე დარტყმა იყო პოლტავაშიც. ადგილობრივ სამხედრო ადმინისტრაციებს არ დაუკონკრეტებიათ, რა საწარმოებია ეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობოექტებზე შეტევა იყო კიროვოგრადის ოლქშიც. ამ სამსახურს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვიეს დედაქალაქის ორ რაიონში, კერძო სახლის სახურავზე და ღია ტერიტორიაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 4 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 310 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 272 მოგერიებულია. რუსული დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო 19 ადგილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში ორ ელექტროქვესადგურს დაარტყეს კიევის და ჟიტომირის ოლქებში. სხვა რეგიონები, სადაც უკრაინული მხარის მონაცემებით, ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო, ნახსენები არ არის.
დრონებით შეტევა რუსეთზე
4 ნოემბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის 14 რეგიონში, ასევე ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 709 უკრაინული დრონი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.
მონიტორინგის უკრაინული არხები გამთენიისას წერდნენ, რომ რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის საწყობებზე.
რესპუბლიკის მეთაურმა მარატ კუმპილოვმა თავის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ადიღეისკში იწვის Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრი, სადაც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველები და ტექნიკა მუშაობენ.
radiotavisupleba ახალი ამბები