რუსეთი კუპიანსკზე დაკარგული კონტროლის აღდგენას ცდილობს.
ხარკოვის ოლქის თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, კუპიანსკის მიმართულებით სიტუაციის გამწვავების გამო 40 დასახლებულ პუნქტში იძულებით ევაკუაციას დაექვემდებარნენ ოჯახები, სადაც ბავშვები ჰყავთ.
უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანენ სულ 409 ოჯახს, სადაც საერთო ჯამში, 601 ბავშვია.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე ქალაქ კუპიანსკსა და ახლომდებარე სოფლებში დაახლოებით 56 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთის ჯარებმა ქალაქი კუპიანსკი ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის 27 თებერვალს დაიკავეს. იმავე წლის სექტემბერში უკრაინის ჯარებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს.
ხარკოვის ოლქის ამ ქალაქისთვის ბრძოლა 2023 წლის ზაფხულიდან განახლდა. ერთი წლის შემდეგ კუპიანსკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 2025 წლის თებერვალში საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კუპიანსკში კრიტიკული სიტუაციაა. იმ დროისთვის ქალაქში 3100-მდე მოსახლე რჩებოდა.
2025 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუპიანსკის თითქმის ნახევარს აკონტროლებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ეს უარყვეს.
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მონაცემებით, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, კუპიანსკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ცენტრალური და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილები ე.წ. რუხ ზონაშია, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩრდილოეთ რაიონებს კი რუსები აკონტროლებენ.
DeepState მონიტორინგს უწევს ფრონტზე არსებულ ვითარებას.