ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლებიც და სხვა შენობები. რამდენიმე ადამიანი დაშავდა ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 16 ოქტომბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის მოქალაქეების, ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენეს 300-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და 37 რაკეტა.
ზელენსკის განცხადებით, პუტინს არ ესმის, რას ამბობს მსოფლიო, ამიტომ ერთადერთი ენა, რომლის გაგებაც შეუძლია, ზეწოლის ენაა - ზეწოლის სანქციებით და შორ მანძილზე დარტყმებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამიდან დღეს დილამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებს შეუტიეს 320 დრონით და 37 რაკეტით. სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 283 დრონი და 5 რაკეტა, კიდევ 18 რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს 37 რუსული დრონით და 14 რაკეტით პირდაპირ დარტყმას 14 ადგილზე. ძირითადი სამიზნე პოლტავის და ხარკოვის ოლქები იყო.
უკრაინული დრონებით შეტევისა და ენერგოობიექტის დაზიანების შესახებ იუწყება რუსეთის ხელისუფლებაც. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ ელექტროქვესადგურზე ხანძარი გამოიწვია. ვოლგოგრადის ოლქის ნაწილის გარდა, ენერგომომარაგება შეუწყდა ვორონეჟის ოლქის ნაწილსაც.
უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ელექტროქვესადგურ „ბალაშოვსკაიაზე", რომელიც ვოლოგრადის და ვორონეჟის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 11 - ვოლგოგრადის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.