უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებში (რუსეთი ამ ტერიტორიებს თავისად მიიჩნევს), სკოლების მეხუთედან მეშვიდე კლასების მოსწავლეებს 1 სექტემბრიდან ისტორიას ასწავლიან სახელმძღვანელოებით "ჩვენი მხარის ისტორია. დონბასი და ნოვოროსია", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის ზედამხედველობითაა შედგენილი.
შესაბამისი წიგნი რუსეთის განათლების სამინისტროს შეტანილი აქვს იმ სახელმძღვანელოთა ფედერალურ ნუსხაში, რომელთა გამოყენებაც სკოლებშია ნებადართული. სახელმძღვანელოსა და მისი შინაარსის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვლადისლავ კონონოვი - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის რეფერენტი სახელმწიფო პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ამ ფოტოების მიხედვით, მოსწავლეებს შეუქმნიან "სისტემურ წარმოდგენას მშობლიური მხარის განვითარების ძირითად ეტაპებზე, რუსეთის ისტორიის კონტექსტში". წიგნის ცალკეული თავების სათაურებია, მათ შორის, "რუსეთი ძალას იკრებს", "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის" და "დაბრუნება რუსეთში".
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის განათლების სამინისტრომ ყველა სკოლაში მეცხრედან მეთერთმეტე კლასამდე სავალდებულო გახადა სოციალური მეცნიერებების სახელმძღვანელოები, რომლებიც გამოცემულია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის რედაქტორობით.
უკრაინის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად ლაპარაკობენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსწავლეთა ინდოქტრინაციის შესახებ.
ვლადიმირ მედინსკის ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული, ერთ დროს იგი რუსეთის კულტურის მინისტრი იყო, ახლახან ჟენევაში ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას, აშშ-ის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინასთან. უწინ მან ყურადღება მიიქცია ისტორიაზე პოპულარული წიგნებით - რომლებსაც ბევრი ავტორიტეტიანი ისტორიკოსი აკრიტიკებდა, ფაქტობრიობის უარყოფის გამო. 2016 წელს რუსი მეცნიერების ჯგუფმა მედინსკის სადოქტორო დისერტაციას უწოდა "პროპაგანდისტული პამფლეტი", სხვებმა იგი პირდაპირ პლაგიატში დაადანაშაულეს.
მედინსკიმ კულტურის მინისტრის პოსტი 2020 წელს დატოვა და კრემლის ადმინისტრაციას შეუერთდა, სადაც ხელმძღვანელობდა ისტორიის გადაწერის პროცესს მილიონობით რუსი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესადგენად. ახალი სახელმძღვანელო 2023 წელს გამოიცა და კრიტიკოსების შეფასებით ეს იყო ნიშანი საბჭოთა სტილის ინდოქტრინაციის დაბრუნებისა სკოლებში, მოსწავლეების შესაძლო სამხედრო სამსახურისთვის მოსამზადებლად. ციკლის ბოლო ტომი მოიცავდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამართლებას - რომ თითქოს დასავლეთს სურდა რუსეთში ვითარების არევა, მისი დანაწევრება და მის რესურსებზე დაუფლება.
მანამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში მედინსკის ნათქვამი აქვს, რომ ამერიკული სტრიმინგის პლატფორმა Netflix-ი არის აშშ-ის მთავრობის იარაღი, მომხმარებელთა გონების საკონტროლებლად.
radiotavisupleba ახალი ამბები