უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

2 days ago 9

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისთვისაც და ამერიკისთვისაც.

„უახლოეს ხანებში უნდა დასრულდეს ყველანაირი ტექნიკური სამუშაოები და დავიწყებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს“ - თქვა მან.

შეთანხმებას ვაშინგტონში 30 აპრილს მოაწერეს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

დოკუმენტის თანახმად:

  • იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.
  • სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. უკრაინა წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
  • უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.
  • უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან.
  • აშშ-ს ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება.

დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს - გაწევრიანდეს ევროკავშირში.

სრულად წაკითხვა