აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში წარმომადგენლად დანიშნული პირი, კით კელოგი ამბობს, რომ ტრამპი უკრაინის ინტერესებს გაითვალისწინებს, როცა დაიწყებს მუშაობას ომის დასრულების საკითხზე და მიზნად დაისახავს ომის სამართლიანი და მიუკერძოებელი ფორმით დასრულებას.
"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ ცდილობს რაიმე მისცეს [რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ] პუტინს ან რუსებს" - ამბობს კელოგი, რომელიც გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტია.
"იგი რეალურად ცდილობს უკრაინის გადარჩენას და მათი სუვერენიტეტის გადარჩენას" - უთხრა კელოგმა ტელეკომპანია Fox News-ს 8 იანვარს. მისი თქმით, ტრამპს სურს სამართლიანი გადაწყვეტის მოძებნა, და ეს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.
საარჩევნო კამპანიისას ტრამპი ამბობდა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას გაპრეზიდენტებიდან 24 საათში შეძლებდა. პრესკონფერენციაზე მან იმედი გამოთქვა, რომ ბრძოლა ექვსი თვის ფარგლებში დამთავრდება.
"იმედი მაქვს, ეს მოხდება ექვს თვეზე ბევრად ადრე", - თქვა ტრამპმა 7 იანვარს პრესკონფერენციაზე. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ვითარების "გამოსწორებას", თუმცა საკითხი "რთულია".
კელოგმა თქვა, რომ სურს ეს კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს - 100 დღეში ტრამპის ინაუგურაციიდან, ანუ 20 იანვრიდან.
"ჩვენ დავაწესებთ პირობებს... და ის ბოლოს მიაღწევს ვითარებას, როცა დაელაპარაკება პუტინს და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, ისინი მალე შეძლებენ... გადაწყვეტის მოფიქრებას" - თქვა კელოგმა.
კელოგისთვის არ დაუსვამთ კითხვა რატომ გადაიდო მისი ვიზიტი კიევში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომელიც ამ თვეში უნდა შემდგარიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ 7 იანვარს გამოაცხადა, რომ ვიზიტი სხვა დროს უნდა დაინიშნოს.
ინტერვიუს მსვლელობისას კელოგმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა - თქვა, რომ ის პუტინთან არ ლაპარაკობს და რომ მათი ბოლო საუბარი ორ წელიწადზე მეტი დროის წინ გაიმართა.
"მან, რეალურად, იცის, რომ ადამიანებს უნდა ელაპარაკო, საიმისოდ, რომ ბოლო ფაზაში შეხვიდე, და ჩვენ სწორედ ამას ვიზამთ" - თქვა კელოგმა.