უკრაინის ცნობით, რაკეტით აღჭურვილი ე.წ. საზღვაო დრონიდან პირველად ჩამოაგდეს რუსული მი-8

2 days ago 4

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შავ ზღვაში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.

მისი ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფ Group 13-ის მებრძოლებმა რაკეტით(Р-73) აღჭურვილი საზღვაო დრონიდან Magura V5 პირველად გაანადგურეს საჰაერო სამიზნე.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შავ ზღვაში ბრძოლისას, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტარხანკუტის კონცხის რაიონში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყირიმში ვერტმფრენის განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.

31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ანექსირებულ სევასტოპოლსა და მის შემოგარენში.

მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. დილით რაზვოჟაევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“ და წინასწარი ინფორმაციით, ზღვის თავზე გაანადგურეს 4 „საჰაერო სამიზნე“, ხოლო ნაპირის მახლობლად - 2 უეკიპაჟო კატერი.

ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.

სრულად წაკითხვა