უნგრეთი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

1 week ago 5

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 10 დეკემბერს უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. უნგრეთში ვიზიტის დროს მან მიიღო დადასტურება კოლეგისგან, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის ნებისმიერ ინიციატივას საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

სახალხო დიპლომატიისა და ურთიერთობების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა ზოლტან კოვაჩმა X-ზე დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის უფროსების მიმართ და ამ ინიციატივას „უაზრო და გაუმართლებელი“უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ვეწინააღმდეგებით სანქციების ნებისმიერ სიაში საქართველოს ოფიციალური პირების დამატებას. თუ ასეთი წინადადება გაჩნდება, უნგრეთი დაბლოკავს მას – ეს ცხადია“.

კოვაჩის თქმით, საერთო გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ „შეაქო საქართველოს ბოლო გამარჯვება არჩევნებში“ და გააკრიტიკა, როგორც მან აღნიშნა, „ლიბერალური მეინსტრიმის პროგნოზირებადი პასუხი“ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. „ოპოზიციას რომ გაემარჯვა, ბრიუსელი დემოკრატიას ტაშს დაუკრავდა“, – განაცხადა მან და საქართველოს მიმართ კრიტიკას „თვალთმაქცური, დამღლელი და ამაზრზენი“ უწოდა.

მინისტრმა სიიარტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდა ბრიუსელს შეწყვიტოს ქვეყნის გარიყვა. მან დაგმო ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელიც, მისი თქმით, „მთელი ერის შეურაცხყოფაა“ და დასძინა, რომ „ევროკავშირი პატივისცემით უნდა მოეპყროს საქართველოს, თუ ის ინტეგრაციას ცდილობს“.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგული რჩება და რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები „ურთიერთპატივისცემას“ უნდა ეფუძნებოდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი ობიექტურად იქნება განხილული ევროკავშირის ლიდერების 16 დეკემბრის შეხვედრაზე და ასევე გამოთქვა შეშფოთება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე შიდა და გარე „ზეწოლის“ თაობაზე, რომ არ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა