მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს, უკვე მეორედ, რუსეთში ამ პლატფორმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ქართველი ექსპერტი მონაწილეობდა.
16 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის სახელწოდება იყო „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი“.
დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამოყენების, ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეები
- ელშად ნასიროვი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი;
- საიდ თავაქოლი, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილე და ირანის ეროვნული გაზის კომპანიის ხელმძღვანელი;
- დმიტრი ბირიჩევსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი;
- ედუარდ მარტიროსიანი, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი;
- რომან მარშავინი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
- არჩილ სიხარულიძე, ქართველი ანალიტიკოსი, SIKHA Foundation-ის დამფუძნებელი.
რა ითქვა შეხვედრაზე საქართველოს შესახებ?
მოსკოვში გამართულ დისკუსიაზე საქართველოზე ისაუბრეს აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმაც.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. მისი თქმით, SOCAR-ი საქართველოში საქმიანობს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გაზის მიწოდებისა და განაწილების, ასევე ავტოგასამართი სადგურების ქსელის მართვის სფეროებში.
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აპირებს ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებას ირანთან და საქართველოსთან, გრძელვადიან პერსპექტივაში კი აზერბაიჯანთანაც.
„საქართველო დღეს არ არის მონაწილე, ხვალ შეიძლება (გახდეს)“
არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ზოგადი დისკუსია გაიმართა.
„უმრავლესობა შევთანხმდით, რომ 3+3 ფორმატი საინტერესოა. რეგიონული სახელმწიფოები, მათ შორის ახლომდებარე სახელმწიფოები, დაინტერესებული არიან, რომ ჰქონდეთ საერთო ფორმატი და საერთო ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
სიხარულიძის თქმით, შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებაც გამოთქვა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ თანამშრომლობაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.
„ჩვენს მეზობლებს ბოლომდე არ ესმით, რომ საკმაოდ რთულ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ვართ. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო უნდა სრულად იზიარებდეს ევროკავშირისა და ამერიკის პოლიტიკურ ხაზს, არანაირი დიალოგი ირანთან, რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, დიალოგი მხოლოდ იმ მიმართულებებზე, რაზეც თანხმობას მოგცემს დასავლეთი.
მე მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა არ არის სწორი. საქართველომ უნდა გაუსწოროს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას თვალი და აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდნენ ევროპა და ამერიკა, მაგრამ ჩვენს ინტერესებში იყოს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს.
„დღეს არ არის მონაწილე, ხვალ შეიძლება შეიცვალოს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ჩვენ უნდა ყველგან ვმონაწილეობდეთ, სადაც არიან ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოები ჩვენთვის, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და თუნდაც ირანი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
არჩილ სიხარულიძე პერიოდულად სტუმრობს რუსეთს და მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში. ის მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგსა და ურთიერთობების გაუმჯობესებას.
წინა შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში „3+3“ ფორმატის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ქართველი ექსპერტი მონაწილეობს.
2026 წლის 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა“.
შეხვედრაში მონაწილეობდა ქართველი ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც ფორუმის პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორად“ იყო მითითებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მაშინ მიესალმა შეხვედრაში საქართველოდან ექსპერტის მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ოფიციალური თბილისიც შეუერთდებოდა პლატფორმას.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მეტრეველმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს არ წარმოადგენდა.
„მე წარმოვადგენდი კონკრეტულად ჩემ თავს და რაც ვისაუბრე, არის პირადად ჩემი მოსაზრება“, - თქვა მან.
მეტრეველის განმარტებით, მას ღონისძიებაში მონაწილეობა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფმა შესთავაზა.
რა არის „3+3“ ფორმატი და რატომ არ მონაწილეობს საქართველო?
„3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე მათი სამი მეზობლის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობას ითვალისწინებს.
ფორმატის მიზნად რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარება სახელდება.
პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე, 2023 წელს თეირანში, მესამე კი 2024 წელს სტამბოლში.
15 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შესაძლოა აზერბაიჯანში გაიმართოს, შემდეგი კი ერევანში.
ლავროვის თქმით, მოსკოვი ელოდება, როდის შეთანხმდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომდევნო შეხვედრას.
საქართველო ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა.
2026 წლის 4 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია უცვლელია.
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში“, - აცხადებდნენ უწყებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები