ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშით გამოსვლისას ისაუბრა შუა დერეფნის პროექტისთვის 12 მილიარდი ევროს მოზიდვაზე, ბლოკის გაფართოების კონტექსტში კი საქართველო არ უხსენებია.
„გარდამტეხი ცვლილებების ამ ეპოქაში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ საკუთარ სახლში ვერ შეიქმნება… დღეს შემიძლია გამოვაცხადო საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალი პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან. ეს არის ის, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ. გლობალური კარიბჭის ინიციატივის მეშვეობით, ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიცია. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და სატვირთო ტრანზიტის დროის მკვეთრად შემცირება. ამის რეალობად ქცევის მიზნით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ჩვენ რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს გავმართავთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება.
„საკმარისია მხოლოდ ჩვენი საზღვრების მიღმა გავიხედოთ, რათა დავინახოთ, რომ ეს ევროპული იდეა კვლავაც ძალიან ცოცხალია. საკმარისია გავიხედოთ უკრაინისა და მოლდოვისკენ. დასავლეთ ბალკანეთისკენ. საკმარისია შევხედოთ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენს კავშირთან ახლოს იმყოფება. და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ „საგზაო რუკებს“ იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს. ეს პროცესი კვლავაც დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენი ღირებულებების პატივისცემა გადახედვას არ ექვემდებარება“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამ კონტექსტში მან შეშფოთება გამოთქვა ბელგრადში რატკო მლადიჩის დაკრძალვიდან გავრცელებული კადრების გამო.
„მან კაცობრიობის წინააღმდეგ უსასტიკესი დანაშაულები ჩაიდინა. ომის დამნაშავეების განდიდებას ევროკავშირში უბრალოდ არ აქვს ადგილი. ყოფილი იუგოსლავიის ომების ყველა მსხვერპლი იმსახურებს ხსოვნას, ხოლო მათი ოჯახები — თანაგრძნობას. რადგან სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ, როგორც კავშირი: სიმართლეს, სამართლიანობასა და ჩვენი ღირებულებებისადმი პატივისცემას“, — დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ამ თემაზე:
საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?
საქართველომ მინისტერიალზე მიწვევა „ტექნიკურ დონეზე“ მიიღო, ელჩი არ მივიდა
netgazeti