19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სისტემური პრობლემა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში განხილვის საგანია.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ უსაფრთხოების ზოგადი წესების ჩამონათვალს, რომელიც გაზის მოხმარებისას უნდა დავიცვათ.
ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარებით ტრაგიკული შედეგი შესაძლოა ორი მიზეზით დადგეს: არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგის (CO) დაგროვებით, რაც მომწამვლელია და თავად აირის დაგროვებით, რაც ფეთქებადია. უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა:
თუ გაზის სუნი ვიგრძენი
გაზი ბუნებრივ პირობებში უსუნოა, თუმცა მას სპეციალურად სუნის მქონე ნივთიერებას უმატებენ. სუნის გრძნობის შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია ასანთის ანთება. დაუშვებელია ნათურის ანთება ან რომელიმე სხვა ელექტროხელსაწყოს ჩართვაც. ასევე დაუშვებელია უკვე ჩართული ხელსაწყოების მაგალითად მაცივრის გამორთვა. არ გამოიყენოთ ტელეფონი (მათ შორის არ აანთოთ ეკრანი) და სხვა ელექტროხელსაწყოები შენობის შიგნით. გადაკეტეთ გაზის ონკანი და გააღეთ ფანჯრები (თუ ახერხებთ გაზის ონკანამდე და ფანჯრებამდე უსაფრთხოდ მისვლას). დატოვეთ შენობა და ამის შემდეგ დარეკეთ 114-ზე (თბილისი ენერჯი) 16 114-ზე (სოკარი) ან 112-ზე. თუ სუნი ბინაში შესვლამდე იგრძენით არ შეხვიდეთ ბინაში და ისე დარეკეთ დახმარების გამოსაძახებლად. ზარი და დამხმარე ეკიპაჟის მომსახურება უფასოა;
როცა ალი ფერს იცვლის
ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი CO2 და წყალი. გაზი უნდა იწვოდეს მშვიდად, ცისფერი ალით. არასრული წვის ან სანათურის მუშაობის გაუმართაობის შემთხვევაში ალი ფერს იცვლის. უმეტეს შემთხვევაში ხდება წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. არასრული წვის პროდუქტია ნახშირჟანგი CO. გაზის ალის ფერის ცვლილების, ჭვარტლის ან წვის პროცესში რაიმე სხვა დარღვევის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მისით სარგებლობა და მიმართეთ სპეციალისტს. თავის მხრივ მხოლოდ ცისფერი ალი მთელი სისტემის გამართულად მუშაობის გარანტი არაა;
კატეგორიულად აკრძალულია გაზქურით ან კუსტარულად დამზადებული გაზის ღუმლით გათბობა. ასეთ დროს წვა ხდება ოთახში, ქმნის ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის რისკს და წარმოქმნის ხანძრის საფრთხეს;
არასრული წვის დროს წარმოქმნილი ნახშირჟანგის, CO-ს მინიმალური კონცენტრაციაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანი კონცენტრაციის ოდენობითა და ხანგრძლივობით განისაზღვრება. სიმპტომებიდან აღსანიშნავია თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა. ამ სიმპტომების დროს საჭიროა გავაღოთ ფანჯარა, გადავკეტოთ გაზის წყარო და თუ შესაძლებელია დაზარალებული გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. (უსაფრთხოების სხვა ტექნიკურმა დეტალებმა დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა არ უნდა შეაფერხოს) ეკიპაჟის მოსვლამდე დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ ვაცნობოთ 112-ის ოპერატორს და მივყვეთ მის ინსტრუქციას. პარალელურად საჭიროა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. ნახშირჟანგი (CO) ტოქსიკურია და უსუნო, მისი დიდი ოდენობით ჩასუნთქვა და სამედიცინო დახმარების დაგვიანება იწვევს სიკვდილს;
დეტექტორები
დააყენეთ ბინაში ბუნებრივი გაზისა და ნახშირჟანგის (CO) დეტექტორები. რომლებიც უნდა განთავსდეს მწარმოებლის მიერ მითითებულ ადგილას. ვინაიდან ბუნებრივი გაზი ჰაერზე მსუბუქია და მაღლა ადის გაზის დეტექტორი ჭერთან ახლოს ყენდება. კატეგორიულად დაუშვებელია დეტექტორის კარადაში დამალვა ან მის უკან დაყენება. დეტექტორის ზუსტი ადგილმდებარეობისთვის აუცილებელია მწარმოებლის ინსტრუქციის გათვალისწინება და სპეციალისტთან კონსულტაცია. ასევე აუცილებელია დეტექტორის პერიოდულად შემოწმება (მათ შორის სატესტო ღილაკით) და ელემენტის დროულად გამოცვლა. დეტექტორის განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში აცნობეთ 112-ს ან გამანაწილებელ კომპანიას და მათ მოსვლამდე დატოვეთ შენობა;
გაზის გაჟონვის შემოწმება შესაძლებელია (გადაბმის კვანძთან, გაზქურასთან) საპნის/ჟელის ქაფითაც, თუ ბუშტუკი გაიკეთა, ე.ი. ჟონავს. ანთებული ასანთით გადამოწმება აკრძალულია. საპნის ქაფი პირველადი დიაგნოსტიკისთვის გამოდგება და სპეციალისტის მიერ ქსელის სრულ შემოწმებას ვერ ანაცვლებს. გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში გაჟონვის ადგილის დამოუკიდებლად ძებნას ნუ შეეცდებით, გადაკეტეთ ონკანი (თუ ონკანამდე მისვლა უსაფრთხოა), დატოვეთ შენობა და გამოიძახეთ საავარიო სამსახური;
სამზარეულოს უნდა გააჩნდეს გარეთ გამავალი ფანჯარა და გამართულად მომუშავე სავენტილაციო სისტემა, ისე რომ სამზარეულო უწყვეტად სუფთა ჰაერით მარაგდებოდეს და შესაძლებელი იყოს ნამწვის გარეთ განდევნა. დაუშვებელია საკვამურის დახშობა, პრევენციისთვის საჭიროა მისი პერიოდული შემოწმება. გაზის გადაკეტვის ონკანი ადვილად მისადგომ ადგილას უნდა იყოს დაყენებული;
დახურული წვის კამერა
გაზის დანადგარები (ცენტრალური ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი) უნდა იყოს დახურული წვის კამერით, რაც ჟანგბადის შენობის გარედან მიწოდებასა და წვის პროდუქტის შენობის გარეთ გამოყოფას გულისხმობს. ღია წვის კამერიანი სისტემები ჟანგბადს ოთახიდან იღებს, რაც წვის პროცესის დარღვევისა და ლეტალური ინტოქსიკაციის რისკს ზრდის;
გაზის ხელსაწყოს დაყენება ან რემონტი უნდა განხორციელდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ექსპლუატაციაში გაშვება უნდა მოხდეს ლიცენზიანტის „თბილისი ენერჯისთან“ ან „სოკართან“ შეთანხმებით;
დაუშვებელია გაზის ხელსაწყოების უყურადღებოდ დატოვება ან თვითნებურად შეკეთება. ასევე დაუშვებელი გაზის მილებზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება, კედელში თვითნებურად ჩაშენება, სიმძიმის დაკიდება და ა.შ. სახლიდან გასვლამდე შეამოწმეთ გაზქურა. ყურადღება მიაქციეთ კერძის კეთების დროს ქვაბიდან გადმოსულმა სითხემ არ ჩააქროს ცეცხლი. მსგავს სიტუაციაში გადაკეტეთ ონკანი და გაანიავეთ სამზარეულო. არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოებთან ბავშვები მარტო. გაზის დანადგარები პერიოდულად სპეციალისტს შეამოწმებინეთ;
გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში გაჟონვის პრევენციისთვის გადაკეტეთ ონკანი. ონკანი გადაკეტეთ მაშინაც თუ ბინიდან ხანგრძლივი დროით აპირებთ გასვლას;
ცხელი ხაზის ნომრებია: 112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი, 114 – თბილისი ენერჯი, 16 114 – სოკარი და16 216 სემეკი.
მნიშვნელოვანი დაზუსტება: ჩამოთვლილი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა, უსაფრთხოების ნორმების ნებისმიერი დარღვევის ან რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ ცხელ ხაზზე.
ამავე თემაზე :
“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ
netgazeti