„უცხოელი აგენტების“ კანონის გამო საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თანამდებობა დატოვა

1 week ago 196

საქართველოს ელჩმა საფრანგეთსა და მონაკოში გოჩა ჯავახიშვილმა 9 მაისს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ის გარემო და განწყობა, რომელიც  [უცხოელი აგენტების შესახებ] რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას“.

„პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ  ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, – წერს ჯავახიშვილი ფეისბუქზე.

„ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი“, – განაცხადა მან. „თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი“.

ელჩმა ჯავახიშვილმა დაადასტურა ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და განაცხადა: „მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა,  რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა