ოპოზიციონერების ნაწილი ხაზს უსვამს პარტიების შეთანხმებას სალომე ზურაბიშვილთან, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას კომისიის სხდომებში, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ნაწილი ასევე აკრიტიკებს გიორგი გახარიას გამოსვლის შინაარსს კომისიაზე.
„ლელო“/„ძლიერი საქართველო“
„ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ!“, - ასე ეხმაურება „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გახარიას კომისიაში მისვლას.
„პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების „გაპრავება“. წერტილი!“ - წერს ხაზარაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს გიორგი გახარიას.
ხაბეიშვილი, რომელიც 12 აპრილს წერდა, რომ „ეს კომისია ანტიკონსტიტუციურია და ეს ეგრეთწოდებული პარლამენტი აბსოლუტურად უკანონო“, მაგრამ ასევე აცხადებდა: „ვიღაცამ პირში უნდა უთხრას, რომ ნაწამები ახალგაზრდების თითოეულ ჭრილობაზე ის, ივანიშვილი და მისი ბანდაა პასუხისმგებელი“, გახარიას კომისიაზე მისვლის შემდეგ წერს:
„ასე როგორ უნდა „დააჩმორებინო“ თავი ალუდას, სოზარს, წუნკლიანს?! თუ მიხვედი კაცურად მაინც დადექი, რას დაპატარავდი?! ვის „აბლატავებ“?!
„ამდენი კითხვა თუ ჰქონდა ალუდასა და სოზარს, თვალების დათხრის მერე, ერთხმად პრემიერად არ აგირჩიეს?! მაკო გომურის ამოთხრილი თვალი ახლა გაახსენდა წულუკიანს?! პრემიერად რომ დაგსვეს, მაშინ რატომ არ შეაწუხა თქვენს მიერ ამოთხრილმა თვალმა“?! - წერს ხაბეიშვილი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“
უფრო მოკლე გამოხმაურებით შემოიფარგლა „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია: „არა შენ დათხარე, არა შენ დათხარე… დამშვიდდით, ორივემ დათხარეთ“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
ამავე პარტიების კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია კი ხაზს უსვამს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმას და ამბობს, რომ არსებობდა ორი საკამათო საკითხი, რომელზეც პარტიები უნდა შეჯერებულიყვნენ:
- „საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა - რომლიც ვითომ შეთანხმდა;
- ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა - რომელიც ვერ შეთანხმდა“
„გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით. ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა“, - წერს მელია.
„სალომემ [ზურაბიშვილმა] როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად“, - აცხადებს ნიკა მელია.
„ფედერალისტები“
„ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ „პრინციპულად არასწორია, პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე“. ამასთან, იგი წერს, რომ „მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეთანხმება დაირღვა“:
„როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა. შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ“, - დაწერა მან.
თამარ ჩერგოლეიშვილი ასევე ამბობს, რომ „მოცემულობაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არათანმიმდევრულია და საკუთარი სიტყვის პატივისცემა არ შეუძლია“ და „ეს მოცემულობა რომ არ იდგეს, არც ბიძინას რეჟიმი გაძლებდა ამდენ ხანს“.
„ამ რთულ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანხმობის წერტილების პოვნა და კოორდინაცია. უბრალოდმ მეტი სიფრთხილე გვმართებს, სანამ შეთანხმებებს შეთანხმებებად გამოვაცხადებთ. „ფედერალისტები“ ამას გავითვალისწინებთ“, - წერს იგი.
გახარიას პოზიცია
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 14 აპრილს 12:00 საათზე იყო დაბარებული.
თავდაპირველად, პარტიამ განაცხადა, რომ ამ დროს გახარიას ბრიფინგი ჰქონდა პარტიაში დაგეგმილი, თუმცა ორშაბათ დილას ცნობილი გახდა, რომ ბრიფინგი გადაიდო და გახარია კომისიაზე წავიდოდა.
ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას და თქვა, რომ კომისია ეწევა ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამის მაგალითად დაასახელა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორია.
„მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“, - თქვა გახარიამ.
„მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ“, - თქვა მან.
მოგვიანებით, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო არსებულ „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ თავიანთი პოზიცია შემდეგნაირად ჰქონდათ დაფიქსირებული:
„ჩვენი გუნდი ამბობდა, რომ კომისიაზე მისვლის საკითხი ... არ იყო კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება, ეს არის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება... ამ პლატფორმის წევრებისთვის ცნობილი იყო ჩვენი მოკიდებებულეება, რომ კომისიაზე მისვლა იყო ჩვენთვის ინდივიდუალური პირების გადასაწყვეტი“.
ტელეწამყვან დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, - მაშ, სალომე ზურაბიშვილმა იცოდა ეს და მაინც განაცხადა: „პარტიები შევთანხმდით, რომ კომისიაზე არავინ არ მივა“, ბუჩუკურმა განაცხადა:
„ვიმეორებ: ეს იყო ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება. გიორგი გახარიას არასოდეს უთქვამს წინასწარ, მივიდოდა თუ არ მივიდოდა... ყველასთვის ცნობილი იყო [ჩვენი პოზიცია]“.
ბუჩუკურმა ასევე თქვა, რომ ზურაბიშვილის გარშემო არსებულ პლატფორმაზე გახარიას პარტია კოორდინაციაში არის მხოლოდ ორ საკითხთან დაკავშირებით:
- „პოლიტიკური პატიმრების საკითხი, პრიორიტეტი ნომერი ერთი;
- ევროინტეგრაცია - ამაში შედის ახალი არჩევნები“.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა.
27 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გააფართოვა კომისიის მანდატი და ის აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით - იგი გაგრძელდა 2024 წლამდე.
სწორედ გაფართოებული მანდატის ფარგლებში დაიბარეს გახარია სხდომაზე და კითხვები დაუსვეს 2019 წლის 20 ივნისის (ე.წ გავრილოვის ღამის), ასევე სხვადასხვა საკითხებზე.
სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც კომისიაზე დაიბარეს, არ გამოცხადდა, რის გამოც მათ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში პატიმრობა ემუქრებათ.
რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა და სასამართლომ გირაო შეუფარდა. მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები.