საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს სამხედრო ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ შექმნის მოტივებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას), მას „განზე დგომა აღარ შეეძლო“ და გადაწყვიტა, დახმარებოდა რუს სამხედროებს, ასევე დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებლებს.
„მას შემდეგ, რაც უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე მიმიწვია, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და მოხალისეთა კორპუს „არბატში“ სამხედრო სამსახური დავიწყე, სადაც ცხრა თვე გავატარე. „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ კი მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“, - თქვა მან.
რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, ის ამაყობს დასავლეთის სანქციურ სიებში მოხვედრით.
„ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო - სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოვექეცი. ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციურ სიებში. მაგრამ ჩემთვის ეს სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენის ტოლფასია“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, „გეორგიევსკში“ ერთიანდებიან მოხალისეები, რომლებიც აფასებენ რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიასა და „საუკუნოვან ძმობას“.
„მათი მთავარი მოტივაცია ქრისტიანული სარწმუნოების, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვაა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი ახვევს თავს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან“, - თქვა ფარცხალაძემ.
TASS-მა „გეორგიევსკის“ შექმნის შესახებ 7 სექტემბერს დაწერა. ფარცხალაძის თქმით, ქვედანაყოფის სახელწოდება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც, მისი შეფასებით, „უზარმაზარი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
- 2023 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აშშ-მა დაასანქცირა. ვაშინგტონის განცხადებით, ის თანამშრომლობდა FSB-ის ოფიცერ ალექსანდრ ონიშჩენკოსთან, ხოლო რუსეთის სპეცსამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად“ იყენებდა;
- მმართველი პარტიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, 2023 წლის 18 სექტემბერს არაკონსტიტუციური უწოდა ბანკების გადაწყვეტილებას, რომლითაც ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს;
- სანქცირებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებდა, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა;
- 28 სექტემბერს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. ჩემთვის გაუგებარია. ღიად ვამბობ ჩემს აზრს. ნათქვამია, ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი...“
- 17 ოქტომბერს იმდროინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ის ამ დროს უკვე იყო რუსეთის მოქალაქე;
- 2025 წლის 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში მონაწილეობა დასახელდა;
- 2025 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა ფარცხალაძის ბრალეულობა გამოკვეთეს კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში;
- 2026 წლის 18 თებერვალს პროკურატურამ ფარცხალაძეს თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.
radiotavisupleba ახალი ამბები