WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაუშვებლად ცნო ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები – მაგალითად, ირაკლი უსოიანისა და მამუკა ფიფიას ჩვენებები. ისინი დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში იყვნენ.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა, მისი თქმით, ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

„სამწუხაროდ, სამართლიანობის ტესტი სასამართლომ ვერ ჩააბარა, თუ შეიძლება უფრო სწორი იყოს, არ ჩააბარა. ვინაიდან მივიღეთ ის მოცემულობა, რომ მან დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნაწილი მტკიცებულებების, საუბარია მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია როგორც უზენაესი კანონი – კონსტიტუცია, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესები“, – თქვა მან.

მისი განცხადებით, თავად სასამართლო უნდა ყოფილიყო ობიექტურობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით დაინტერესებული, მათ შორის, ირაკლი უსოიანის დაკითხვით, რომელზეც ვრცელდებოდა, რომ თითქოს მკვლელობის დამკვეთი იყო.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვებას და რომ ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება.

„დაცვის მხარეს არ ჰქონდა ეს პროცედურები დაცული, ამიტომ არსებითი დარღვევით მიიჩნია ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ არ დაიცვა ის წესები, რაც დარეგულირებულია არა მარტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებით და აქედან გამომდინარე ცნო დაუშვებლად“, – ამბობს ვეფხვაძე.


ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ამავე საქმეზე ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულებს კი  10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ვერსიით, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

დეტექტივ რობიკო გოგიაშვილის პატაკის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა – ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.