ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, ლევან გოგია და დავით ყოლბაია ფეისბუკზე შსს-ს მაღალჩინოსანზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო 1000-1000 ლარით დააჯარიმა.
კერძოდ, ენმ-ის მხარდამჭერები, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან, სასამართლომ კანონდამრღვებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას-საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას გულიახმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
მუხლი იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საუბარია დავით ყოლბაიას ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის ოჯახზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ სტატუსზე, რომელზეც ლევან გოგიამ ასევე საჯარო კომენტარი გააკეთა.
ენმ-ის მხარდამჭერები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
მათი თქმით, სოციალურ ქსელებში დაუდგენელმა პირებმა მოახერხეს შეღწევა და მათი სახელით ტექსტის დაწერა: “მე მგონია, რომ ეს იყო კიბერდანაშაული, რომელიც გარკვეულმა ადამიანებმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს”, - თქვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ლევან გოგიამ.
შსს-ს იურისტის, მარიამ კერესელიძის თქმით, მათ სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ სოციალური ქსელის გვერდები, სადაც სადავო სტატუსები დაიწერა, ეკუთვნით გოგიას და ყოლბაიას, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ.