12
ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება:
,,უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე.
დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ამგარიშსწორების უმძიმესი კადრები, რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიბყრო.
მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.
თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში.
ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ყოველი სიძულვილით ნათქვამი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა თუ იმ სახით.
იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.
ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება, რომელის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართუელბით სვლა.
დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიბყრობს?
პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს.
ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.”