საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ოკუპაციის ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა.
ის წერს, რომ როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:
„დღეს მე საკუთარი თვალით ვიხილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესანიშნავი საქმიანობა - ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტოფ შპეტი, მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ მნიშვნელოვანი მისიის მხარდასაჭერად.
როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ზუსტად ისე, როგორც ეს ჰელსინკის პრინციპებით არის განსაზღვრული.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“, - წერს საქართველოში ვიზიტით მყოფი ელინა ვალტონენი.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. ის ქართველ კოლეგას შეხვდა და ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ამის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, მასთან 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ელინა ვალტონენმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.
"ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე.
ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც მიიღეს იმავე ქალაქში, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა 15 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე.
რუსთაველის გამზირზე მისულმა ელინა ვალტონენმა გადაიღო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელიც X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ის თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები.