WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მაშველები ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

„ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, - უთხრა ადგილზე ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც მაშველებმა კორპუსის წინა მხრიდან მუშაობა შეწყვიტეს. სამაშველო სამუშაოები შენობის უკანა მხრიდან გრძელდება.

„4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა თამაზაშვილმა. მისი თქმით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

თამაზაშვილის თქმით, აფეთქება გაზის გამათბობელს უკავშირდება. მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეხუთე სართულზე მოქალაქე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა.

„როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - თქვა თამაზაშვილმა.

ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძეც.