საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის განცხადებით, ქურდობა ჩაიდინა ძალიან გამოცდილმა ჯგუფმა, რომელსაც დაახლოებით შვიდი წუთი დასჭირდა შენობის კონკრეტულ დარბაზში შესაღწევად და უნიკალური სამკაულების მოსაპარად. მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მძარცველები უცხოელები არიან.
პარიზის პროკურორ ლორა ბეკოს ინფორმაციით, ეძებენ ოთხ მძარცველს. ისინი ნიღბებით იყვნენ და დანაშაულის ადგილიდან სკუტერებით მიიმალნენ.
გამოძიების თანახმად, ქურდებმა ისარგებლეს ამწით, რომლის მეშვეობითაც ლუვრის საჭირო სართულზე ავიდნენ, ფანჯარა გატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მოპარულია რვა ექსპონატი, მათ შორის ნაპოლეონ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია-ლუიზას ყელსაბამი და საყურე, მეფე ლუი-ფილიპ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია-ამელის ყელსაბამი, საყურეები და დიადემა და დედოფალ ევგენიას ორი ბროში და დიადემა.
საფრანგეთის კულტურის მინისტრ რაშიდა დატის ინფორმაციით, მეცხრე ექსპონატი ლუვრის მახლობლად, დაგდებული იპოვეს. ფრანგული მედიის ცნობით, ნაპოვნია მე-19 საუკუნის სადედოფლო გვირგვინი, რომელიც დაზიანებულია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრის გაძარცვას მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ექსპონატების დასაბრუნებლად და დამნაშავეთა დასასჯელად.
2025 წლის 19 ოქტომბრის ძარცვა პარიზის ლუვრში ჩადენილი ყველაზე რეზონანსული ქურდობაა 1911 წლის შემდეგ, როცა მუზეუმიდან მოიპარეს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა”. ლუვრის იტალიელი თანამშრომლის, ვინჩენცო პერუჯას მიერ მოპარული შედევრი ორი წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს.

1 week ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·