“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

5 hours ago 5

2

ისეთი მანქანაც მინახავს, მძღოლს რომ დიდის ამბით აქვს დაგმანული ყველა ფანჯარა და ემანდ კონდიციონერი ჩართული, თუმცა, ვერ გაიგებ რას უბერავს, ვინ უბერავს, ასეთ ცხელს როგორ უბერავს, ისე ცხელა მანქანაში და ისეთიც მინახავს, რომ გრილა, თუმცა, მეორე უკიდურესობაა, ჟანგაბადი არაა. პირველ შემთხვევაში მანქანის კონდიციონერის ხელოსანი გჭირდება და მეორე შემთხვევაში კი, ამ ბლოგის ბოლომდე ჩაკითხვაც საკმარისია. 

დიდი აფერა – „ფრეონი აკლია, ძმაო“

როცა 35 გრადუს სიცხეში მანქანიდან 35 გრადუსი სიცხე გიბერავს, როგორც წესი, მიდიხარ პირველივე, უახლოეს ხელოსანთან, რომელიც, მანომეტრით ხელში, სერიოზული სახით ხსნის კაპოტს, ვითომ და აკვირდება რაღაცას და 2 წუთიც არ გასულა, გეუბნება ამ ბიზნესის ყველაზე ხშირად ნათქვამ ფრაზას – „ფრეონი აკლია, ძმა, დავამატებ და ივლი“. 

არ გატყუებს თან, მართლაც ივლი, ისედაც დადიოდი, მანდ ამბავია, როგორ ივლი, ჩახუთული, თუ გრილად. არა, თავიდან გრილადაც ივლი, ცოტა ხანი, შეიძლება, 2–3 კვირაც კი გააგრილოს მანქანა, თუმცა, ზაფხული 2–3 კვირაზე ცოტა მეტი ხნით გრძელდება და ისევ იგივე პრობლემის წინ რჩები.

საქმე იმაშია, რომ მანქანის კონდიციონერი არ არის ძრავა, რომელმაც დაცალა ზეთი და დამატება სჭირდება, ეს ჰერმეტულად დახურული სისტემაა. შესაბამისად, თუ ფრეონი აკლია, ეს ნიშნავს, რომ სისტემაში სადღაც პატარა ხვრელია, საიდანაც აირი გარეთ გამოდის. ამიტომ ფრეონის დამატება მხოლოდ „გამაყუჩებელია“, იმ წამს მოხსნის პრობლემას და ხანგრძლივად კი, გადაუჭრელი რჩება. ეს ლურსმანგარჭობილ ბორბალს ჰგავს, რამდენჯერაც უნდა დაბერო, მაინც რომ დაეშვება. 

წესით, მაშინაც კი, თუ ხელოსანი არაპროფესიონალია, მაგრამ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მაინც აქვს, ყველა ვარიანტში უნდა იცოდეს, რომ რაკი ფრეონია დასამატებელი, ესე იგი, მიკრობზარია. საქმე იმაშია, რომ დღეს თუ „კვერცხი“ გადაუხადე ხელოსანს, ხვალ – „ქათმის“ მიყვანა გიწევს, რადგან, თუ ფრეონი კომპრესორის ზეთის გარეშე დაამატა, კომპრესორი, ერთ თვეში მაქსიმუმ, ლითონის ნამცეცებით გადაწვავს სისტემას. არადა, მყისიერად რომ მოგვარდეს პრობლემა, იქნებ, სულაც მცირებიუჯეტური რეზინის პატარა ნაწილით მთავრდებოდა ეს ამბავი.  

როცა მიკრობზარია და ფრეონი იკარგება, კომპრესორის ზეთიც იღვრება. თუ ხელოსანი პირდაპირ ამატებს მხოლოდ მშრალ ფრეონს, არ ამუშავებს სისტემას სპეციალური აპარატით, რათა ზეთის ბალანსიც აღადგინოს, კომპრესორი რჩება გაუპოხავი, იწყებს გადახურებას და ხახუნისას უკვე ლითონის ნამცეცებით ავსებს სისტემას. შედეგი უკვე სავალალოა და ახლა ფრეონის დამატება 1 დღითაც ვეღარ უშველის პრობლემას, უკვე მთელი სისტემაა დასაშლელი, კომპრესორია საყიდელი, სისტემას კი ძვირადღირებული პროცედურა, გამორეცხვა ესაჭიროება.

არსებობს კიდევ მეორე ვარიანტი, ხელოსანი პატიოსნად გეუბნება, რომ ფრეონის დამატება საქმეს ვერ უშველის და მიზეზია საპოვნელი, რატომაც ეკარგება აირი. გაფრთხილებს, რომ თუ ახლავე არ მიხედავ პრობლემას, მერე ბევრად ძვირი დაგიჯდება. თუმცა, გეჩქარება, არც მანქანის დატოვება გინდა და სთხოვ, მოდი, ახლა მხოლოდ ფრეონი ჩაგისხას და გაგიშვას. როცა მანქანაში აგრილდება, სულ გავიწყდება, ხელოსნის გაფრთხილება და სანამ სისტემას ბოლომდე არ შეექმნება პრობლემები – აღარც გახსენდება. ამ შემთხვევაში უკვე, საკუთარი ჯიბის და მანქანის ხარჯი – პირადად შენი პასუხისმგებლობაა.

4 ნიშანი, რომ პატიოსანი, პროფესიონალი ხელოსანი იპოვნე

  1. პროფსიონალი არასოდეს ჩაასხამს ფრეონს, სანამ არ დარწმუნდება, რომ სისტემა ჰერმეტულია. იგი მთლიანად ქაჩავს ჰაერს და ქმნის სრულ ვაკუუმს სისტემაში. ამის შემდეგ კი ამოწმებს წნევის მაჩვენებს და თუ იცვლება, ესე იგი, სისტემაში ხვრელია და აზრი არ აქვს ფრეონის ჩასხმას. თუ მიკრობზარი რთული საპოვნელია, სისტემაში უშვებს მცირე დოზით ფრეონს სპეციალური ულტრაიისფერი საღებავით. გინახავთ, როგორ ანათებს ფანარს და თავად კი ფერად, მომწვანო–ყვითელ სპეციალურ სათვალეს იკეთებს? ზუსტად ამ დროს ხედავს, საიდან იპარება აირი.
  2. პროფესიონალის მთავარი იარაღი ორი მანომეტრია – ლურჯი – დაბალი წნევის, წითელი – მაღალი წნევის. ფრეონი მანქანაში ზუსტად იმდენი გრამი უნდა ჩაისხას, რამდენიც მწარმოებელს უწერია კაპოტის შიდა მხარეს სტიკერზე. სწორედ ამიტომ, ბალონი იდება ციფრულ სასწორზე და გრამები ასე კონტროლდება. თვალით მისი კონტროლი დაუშვებელია. თუ ზედმეტი ჩაისხმება, სისტემას ზედმეტი წნევა აწვება, ეს კი კარგ ვარიანტში კომპრესორს ბლოკავს, ცუდ ვარიანტში კი – მილებს ხეთქავს.
  3. პროფესიონალი არასოდეს გკითხავს, რამდენი ფრეონი უნდა დაამატოს – 20 ლარის გინდა, თუ 40 ლარის? ეს საწვავი არაა, კონკრეტული მანქანის სისტემაში ზუსტი, გაწერილი ოდენობის ფრეონი უნდა იყოს, არც მეტი, არც ნაკლები. სურვილის მიხედვით არ ისხმება.
  4. პროფესიონალი ხელოსანი მულტიმეტრითაც უნდა გიმოწმებდეს მანქანას, სანამ ნაწილების შეცვლას შემოგთავაზებს, რადგან  მანქანის კონდიციონერი მხოლოდ მილები არაა, ცხადია, ის რთული ელექტრო სისტემაა. როცა კონდიციონერი საერთოდ არ ირთვება, საერთოდ არ რეაგირებს, ხელოსანთა უმრავლესობა შემოწმების გარეშე გეუბნება, რომ კომპრესორი უნდა იყიდო, არადა, მიზეზი შეიძლება იყოს 2 ლარიანი ნაწილი, მცველი, ან რელე, კაპოტის ქვეშ, ბლოკში და მისი გამოცვლა იაფიცაა და სწრაფი საქმეც, ან წნევის სენსორია შეიძლება გამორთული, რადგან მისი შესაერთებელი დაიჟანგა. ამიტომაც, ნაწილების გამოცვლის დაგეგმვამდე, ჯერ ელექტროობაა შესამოწმებელი.

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ძვირადღირებული ნაწილის ყიდვამდე

თუ კონდიციონერი ჩართულია, ხელის მიდებით, ჰაერგამტარებიდან გრილი ჰაერი იგრძნობა, თუმცა, მანქანის სალონს ვერ აგრილებს ბოლომდე, შესაძლოა, ხელოსანმა პირდაპირ გითხრას, რომ კომპრესორი წნევას ვეღარ ინარჩუნებს და შესაცვლელია. 

კი, 20–30 პროცენტი არსებობს ალბათობა, რომ ასეც იქნება, ოღონდ, სანამ კომპრესორის გამოცვლას გადაწყვეტ, მარტივ, ბანალურ მეთოდს მიმართე, რადგან სწორედ ამ უმარტივესი მიზეზის გამოა პრობლემა 70–80 პროცენტში. სალონის ფილტრი მუდმივად ისვრება, მტვრით, ნაგვის ნაწილაკებით და უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ ატარებს ჰაერს. ასეულობით ლარის გადახდამდე, ფილტრი გამოცვალე, მანქანის წინა სალონში, ე.წ. ბარდაჩოკის უკანაა და სულ 2 წუთის საქმეა. 

აუცილებლად მიაქციე ყურადღება, რომ ეს პრინციპი არ მუშაობს კონდიციონერზე, რომელიც საერთოდ არ ირთვება, ამის გაკეთებას აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება ქონდეს, თუ მუშაობს და თან არ მუშაობს, ანუ ირთვება, მაგრამ სუსტად აციებს. 

როგორ მოწმდება ხელოსნის ნამუშევარი?

აბა, ხელი მიუშვირე – გგონია ასე მოწმდება? – არა, ბატონებო და ქალბატონებო. 

ციფრული თერმომეტრი დეფლექტორში – კონდიციონერი ბოლომდე ჩართული, თერმომეტრს ხელოსანი ცენტრალურ საჰაერო ჭრილში დებს. ტემპერატურა 12 გრადუს ცელსიუსზე ზემოთ არ უნდა ადიოდეს.  

კომპრესორის ხმა – გახსენი კაპოტი, ჩართე და გამორთე კონდიციონერი, კომპრესორის ჩართვისას უნდა ისმოდეს მკაფიო, ერთი ტკაცუნის ხმა და ამის შემდეგ სისტემამ უნდა იმუშაოს ყოველგვარი ზედმეტი ხმების გარეშე. ნებისმიერი დამატებითი ხმა ნიშნავს, რომ სისტემაში ზეთი არაა, ან რაცაა, არაა საკმარისი.

მილების ტემპერატურა – კაპოტის ქვეშ, კონდიციონერის ორი მილია, ერთი მსხვილი, მეორე შედარებით წვრილი. ჩართული კონდიციონერის პირობებში მსხვილი მილი უნდა იყოს ყინულივით ცივი, უმეტესად დანამული, ხოლო წვრილი მილი კი, თბილი უნდა იყოს, ან სულაც ცხელი.

ფასი?

პროფესიონალი კადრი ყოველთვის ბევრად უაფი გიჯდება, რეალურად, ძვირი მხოლოდ არაპროფესიონალი და მისი შეცდომების გამოსწორებაა. 

სად ვიპოვნო პროფესიონალი ხელოსანი?

ვინ გეტყვის ასე, პირდაპირ სახეში, რომ არაპროფესიონალია? თუმცა, შენ უკვე შეიარაღებული ხარ ცოდნით და უკვე იცი, როგორ და რა ნიშნებით ამოიცნო კარგი ხელოსანი. გიტოვებ ბაზას, სადაც ათობით კონტაქტია, დარეკე და ჰკითხე, თუ აღარ აციებს ჰაერს კონდიციონერი, რას გააკეთებს, თუ თქვა, რომ მხოლოდ ფრეონს ჩაასხამს, სხვა კონტაქტზე გადადი. თუ გითხრა, ჯერ შევამოწმებო, მაშინ „გაურთულე“ და სხვა დეტალი ჩაეკითხე. ამ სიცხეში, კონდიცირების გარეშე, მანქანით აქეთ–იქეთ სიარული და პროფესიონალი ხელოსნის ქუჩა–ქუჩა ძებნა ცალკე დროა, ცალკე – ნერვი, ცალკე – ფული და ცალკე – ჯანმრთელობა. აარჩიე ხელოსანი სიგრილიდან. შეუთანხმდი და შემდგომ აიღე გეზი. 

ახლა კი, დაპირებული მეორე ნაწილი

კონდეციონერი მუშაობს, გრილა, მაგრამ ჟანგბადი არაა

თუ მანქანაში გრილა, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ჯდება, წუწუნებს, რომ ჟანგბადი არაა, (მძღოლი ყველაზე ბოლოს გრძნობს), დამნაშავე უნდა ვიპოვნოთ, ამჯერად, ხელოსანს ვერ დავაბრალებთ, საკუთარ თავსაც ხომ ვერ დააბრალებ? – ვერა. ამიტომ თამამად შეგიძლია თქვა, რომ დამნაშავე რეცირკულაციის ღილაკია. 

ეს ნიშნავს, რომ მანქანაში ჩართულია რეცირკულაციის ღილაკი და ამიტომ კონდიციონერი გარედან ახალ ჰაერს აღარ იღებს. ამ ღილაკზე გამოსახულია მანქანის კონტური და შემოტრიალებული ისარი. 

ეს მეთოდი იდეალურია მანქანის სწრაფად გასაგრილებლად, მაგრამ თუ ამ რეჟიმს 30 წუთით და მეტი დროით ჩართავ,  სალონში იმატებს ნახშიროჟანგი და იკლებს ჟანგბადი. კონდიციონერი ამ რეჟიმით ჰაერს მხოლოდ აციებს, მას ჟანგბადით ვერ გაამდიდრებს.

თუ მანქანაში დაგეწყო სიმპტომები – უცაბედი მთქნარება, ძილიანობის შეგრძნება, ყურადღების გაფანტვა, სიმძიმის შეგრძნება თავის არეში, ან თავის ტკივილი, პირველ რიგში სწორედ ეს ღილაკი შეამოწმე. 

იდეალუარია, რეცირკულაციის ჩართვა მანქანაში ჩაჯდომისას, რათა სწრაფად გააგრილოს, ან საცობში, თუ შენ წინ დგას გაუმართავი მანქანა, რომელიც დიდი ოდენობით კვამლს გაფრქვევს, რადგან ამ შემთხვევაში, გარედან შემოტანილ ჰაერს შეიძლება კვამლიც შემოყვეს.

მგზავრობის დაწყებიდან 15 წუთში უკვე უნდა გამორთო რეცირკულაციის ღილაკი, რათა სისტემამ გარედან დაიწყოს ჟანგბადით მდიდარი ჰაერის შემოტანა. 

და ბოლოს, თუ გრძელ გზას დაადექი და ტრასაზე გიწევს სიარული, საათში ერთხელ მაინც, თუნდაც 1 წუთით ჩამოწიე ფანჯრები და სალონში ჰაერი სრულად განაახლე. 

(R)

სრულად წაკითხვა