უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა- ამბობს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე დიპლომატი, დენ ფრიდი. მისი თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „მაგნიტსკის გლობალურ აქტის“ ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და ეს ბევრს მეტყველებს ამერიკის მთავრობის მიდგომაზე. სანქციები, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს დაუწესეს ფინანსური ხასიათისაა და ის ამერიკის ხაზინამ უნდა აღასრულოს. რას ნიშნავს ივანიშვილისთვის დაწესებული ეს სანქციები და რა გავლენა ექნება მას როგორც მისი სამიზნის ბიზნეს საქმიანობაზე, ისე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
ბატონო ელჩო, მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. თქვენი კარიერის დიდი ნაწილი სანქციებზე მუშაობას დაუთმეთ, ამიტომაც პირველი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მინდა დაგისვათ. რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ამერიკის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა დაუწესა? რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამერიკიდან ეს ნაბიჯი სწორედ ხაზინის დეპარტამენტს გადაედგა?
სრული ბლოკირების სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის გულისხმობს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, თუ რაიმე გამონაკლისია დაწესებული, სანქციების სამიზნე პირთან ყველა ფინანსური ტრანზაქცია აკრძალულია, [რადგან დამრღვევებიც] თავად სანქციების საფრთხის ქვეშ დგებიან. ასევე კრძალულია ყველა ფინანსური ურთიერთობა კომპანიებთან, რომელთა 50%, ან მეტი ამ პირს ეკუთვნის.
მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს. ასე რომ, მიუხედავად ამ ლიცენზიების გაცემისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის სავიზო შეზღუდვა, გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯია.
როგორი გავლენა ექნება ამას ივანიშვილზე?
მას ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, ამას [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი. ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მაგრამ ახლა ცხადია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ავტოკრატიული მიმართულების მხარდამჭერი წამყვანი ძალის წინააღმდეგ.
მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის რემლისთვის მოქმედების შესახებ.
ჩემი შემდეგი შეკითხვა, სწორედ სანქციების ფორმულირებას ეხებოდა. თქვენ უკვე თქვით, რომ მას სანქციები რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მოქმედებისთვის დაუწესდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკა ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის სახელით მოქმედებს და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებიც განხილული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციისთვის, მის სასარგებლოდ მოქმედება?
სანქციები არ დაწესებულა მთლიანად საქართველოს მთავრობის, ან პარტიის წინააღმდეგ, ის კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ფაქტი კი ისაა, რომ სწორედ ისაა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი.
თუ ვინმეს აინტერესებს, ვურჩევდი, რომ ნახონ აღმასრულებელი ბრძანება 14024, რომელიც კონკრეტულად აღწერს რა კრიტერიუმებით დააწესა ამერიკის მთავრობამ ეს სანქციები. ასევე შეხედეთ სიტყვებს, რომელიც გამოყენებულია სანქციის ტექსტში. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღევის გამო, "მაგნიტსკის გლობალური აქტით" დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულადაა განწყობილი, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ.
ვიცით, რომ ახლა ევროკავშირში არ არსებობს ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის, თუ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, რადგან უნგრეთი, სლოვაკეთი და შესაძლოა სხვებიც, ამის წინააღმდეგნი არიან. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამერიკის სანქციებს მკაცრად ემორჩილებიან და მათ მიჰყვებიან. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა რომ ეს იყოს გზა იმისთვის, რომ დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შესაბამის პირებს პასუხი მოსთხოვოს- ამერიკამ დააწესოს სანქციები, ევროპული ქვეყნები კი მას მიჰყვნენ?
იმ მიზეზების გამო, რაც თქვენ ახსენეთ, რთული იქნება ევროკავშირში ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ივანიშვილის სანქცირებაზე.
ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ყოველთვის პატივს სცემენ ამერიკის სანქციებს და მიჰყვებიან მას. ახლანდელ სანქციებზეც ევროპაში პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ახლა კი ქართული დემოკრატია, საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ამერიკას და საქართველოს სხვა მეგობრებს დახმარება შეუძლიათ, ამის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე არა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან მოსკოვში, როგორც ეს რუსეთს ჰგონია, არამედ თბილისში, ქართველები მიიღებენ.
ჩანს, რომ ახლა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის ძალიან დიდი უფსკრულია. ჩანს ისიც, რომ მთავრობა მდგომარეობას ამწვავებს იმით, რომ დემონსტრაციების ჩატარებას, ახალი კანონებით, ფაქტობრივად კრძალავს. ეს კანონები ძალიან ჰგავს იმას, რაც იანუკოვიჩმა შემოიღო და რამაც მეორე მაიდანი, "ღირსების რევოლუცია" გამოიწვია 2013-2014 წლებში. ასე რომ გვინახავს ასეთი ტიპის დაპირისპირებები, თუმცა არ ვიცი ეს კონკრეტული როგორ დამთავრდება.
მართალია ამბობთ, რომ ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია, მაგრამ სანქციების დაწესებას ხომ ყოველთვის აქვს თავისი მიზანი. როგორ ფიქრობთ, ეს სანქციები როგორმე შეცვლის ივანიშვილის ქმედებებს, ან გადაწყვეტილებებს და შესაბამისად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს?
წინასწარ ვერ განვსჯი რას იზამს ივანიშვილი. ის შეიძლება იმედოვნებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან ერთად მისი პოლიტიკაც შეიცვლება. ვფიქრობ, ეს [მისი მხრიდან] შეცდომა იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა ის ამ გათვლას აკეთებს.
საქართველოს ბევრი მეგობარი თვლის და ასეცაა: მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა პოზიცია ქართული დემოკრატიის სასარგებლოდ დაიკავოს და ეს სანქციები სწორედ ამის სიმბოლოა, მთავარი აქტი იმის საჩვენებლად, თუ სად აკეთებს შეერთებული შტატები აქცენტს. ის ქართველი ხალხის გვერდით დგას.
სანქციები მიხეილ ყაველაშვილის, ინაუგურაციის წინ გამოცხადდა. მან ამ დროისთვის მილოცვები მხოლოდ რუსეთისა და უნგრეთისგან მიიღო. მეორეს მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არსად არ მიდის. მას ბევრი დასავლელი ლიდერის მხარდაჭერა აქვს, როგორც მათ ეს თავადაც თქვეს. გარდა ამისა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლეთისთვის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად დარჩება?
მას მიიღებენ, არა როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტს, არამედ, როგორც ლეგიტიმურ სიმბოლოს ქართული საზოგადოებისა და ლეგიტიმურ ლიდერს ქართული პოლიტიკისა. მას უზარმაზარი გამბედაობა და პრინციპები აქვს და მან პატივისცემა მოიპოვა მთელ დემოკრატიულ სამყაროში.
თქვენ კონგრესმენი ჯო უილსონი ახსენეთ. მე მივესალმები მის ქმედებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის სამყაროს წარმომადგენელი, ის ვინც ტრამპს მხარს უჭერს და რომლის მემარჯვენეობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, ასე აქტიურად უჭერს მხარს ქართულ დემოკრატიას. ის წარმოადგენს რეიგანისეულ ამერიკულ მხარდაჭერას დემოკარტიისადმი ავტორირატიზმის წინააღმდეგ და მე მას ტაშს ვუკრავ ამის გამო.
მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მოაწერა ხელი რამდენიმე კანონს, რომელიც დასავლეთსა და ადამიანის უფლებათა დამცველთა წრეებში არადემოკრატიულადაა შეფასებული. ეს კანონები თქვენც ახსენეთ. რას ფიქრობთ, მასზე [მიხეილ ყაველაშვილზე] და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მან, როგორც პრეზიდენტმა უკვე მიიღო?
მე მას არ ვიცნობ. მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რა ნაბიჯებიც მან, როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა გადადგა, ჩანს, რომ ის "ქართული ოცნების" პრეზიდენტია და არა საქართველოსი. ეს კი სულ სხვადასხვა რამაა.
საქართველოში ახლა ბევრი რამაა გაურკვეველი და არ ვიცი, როგორ დამთავრდება ყველაფერი. ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა წამოაყენეს შეთავაზებები, რომლებიც ახალი არჩევნების, საერთაშორისო ჩართულობით თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს. ასე რომ გამოსავალი არსებობს, თუმცა არ ვიცი "ქართულ ოცნებას" სურს თუ არა მისი მიღება. თუ არა, მაშინ დანარჩენს ქართველი ხალხის გადაწყვეტს.
ბოლო კითხვა კვლავ სანქციებზე მინდა დაგისვათ. რამდენად მიღებულია, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ არსებული სანქციები გააუქმოს? უფრო ნათლად რომ გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმოს ის სანქციები, რასაც მას ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით დაახვედრებს?
შეუძლებელი არაფერია, მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ის გამოჩნდება, როგორც სუსტი და დამორჩილებული, როგორც კრემლის ნების შემსრულებელი. ეს ძალიან ცუდი პოზიცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ვფიქრობ, ტრამპის გუნდს, განსაკურებით ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, ეს არ ენდომებათ.
ტრამპის ადმინისტრაციაში არ ვიქნები, ამიტომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ "ქართული ოცნების" მხრიდან შეცდომა იქნება იმაზე გათვლა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს გააუქმებს.