რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი, ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწე და პოლიტიკური თანამოაზრე, რომელიც იანვრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა და რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა, 50 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ მისმა ადვოკატმა, რუსუდან მჭედლიშვილმა დაუდასტურა.
ტიმოფეევის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ტიმოფეევს არასათანადო მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.
მჭედლიშვილის თქმით, ტიმოფეევის გათავისუფლებას წინ უძღოდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ სექტემბერში გაცემული დროებითი ზომა, რომლითაც კომიტეტი საქართველოს მოუწოდებდა, არ განეხორციელებინა მისი ექსტრადიცია ან დეპორტაცია საქმის განხილვის დასრულებამდე. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს აღნიშნული ზომა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, საქართველოს ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს ტრადიციულად ითვალისწინებს.
გირაოს შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ტიმოფეევს ეკრძალება საქართველოს დატოვება, ასევე — საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში. მას ასევე ევალება კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება, მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი უწყების 24 საათით ადრე ინფორმირება და პასპორტის ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის პროკურატურისთვის ჩაბარება.
60 წლის ტიმოფეევი საქართველოში იანვარში დააკავეს, ინტერპოლის მიერ 2024 წლის აპრილში გაცემული წითელი ცირკულარის საფუძველზე. თუმცა, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ინტერპოლმა ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი 2025 წლის სექტემბრიდან გააუქმა ცირკულარი და ამტკიცებენ, რომ მისი 2026 წელს დაკავება უკანონოა. ადვოკატების თქმით, მას ასევე უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე საქართველოში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ და სასამართლომ დაადგინეს, რომ მისი საქმეზე არ დასტურდება პოლიტიკური მოტივების არსებობა.
ტიმოფეევმა ადრე რვა წელი რუსეთის ციხეში გაატარა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაშინ მის მიმართ მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით დარღვევები დაადგინა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები