WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ 29 სექტემბერს „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად შეაჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ მეტოქე კლუბის ყოფილ პრეზიდენტსა და მფლობელს 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა.

მატჩის მიმდინარეობისას „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა გამოფინეს ბანერი წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. კლუბმა იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული“.

კლუბმა სხვა ბრალდებებიც გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც „გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე“ და „ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც“.

„ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში“, – ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“.

პროტესტს წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება, რომელმაც 32 წლის თურქი ბიზნესმენი და „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი და მფლობელი, მეჰმეთ უიარი გაამართლა. ბრალდება ეფუძნებოდა 20 წლის ფეხბურთელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უიარმა იგი 2025 წლის დეკემბერში, კლუბის წვეულების შემდეგ გააუპატიურა. ცხრა-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

უიარმა ბრალდება უარყოფა. სასამართლოში წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში მან განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია არავისთან სექსუალური კავშირი ძალადობის გზით, მათ შორის არც 20 წლის ფეხბურთელთან.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელმა, რომელიც „ნიკე-ლუსოს“ შემადგენლობაში თამაშობდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მასზე ძალადობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ნიკე-ლუსომ“ 2025 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატში გამარჯვება აღნიშნა.

ფეხბურთელის ჩვენების თანახმად, წვეულების შემდეგ უიარის მძღოლმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მიყვანის ნაცვლად, იგი უიარის კერძო სახლში მიიყვანეს. შეშინებულმა გოგონამ თანაგუნდელს თავისი ადგილმდებარეობა გაუგზავნა. ფეხბურთელის თქმით, მოგვიანებით სახლში უიარი მივიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და იგი გააუპატიურა. მომხდარი თავდასხმის შესახებ მან პოლიციას მეორე დღესვე აცნობა.

პროკურატურა მეჰმეთ უიარს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ამ საქმეს სხვა ქალი ფეხბურთელებისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან 20 წლის სპორტსმენის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მოყვა. „ქალთა მოძრაობა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს 20 წლის ფეხბურთელ ქალს, რომელმაც სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა და უკვე თვეებია მძიმე სამართლებრივ და ემოციურ პროცესს გადის“, – ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს სცდება. ის აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქალებისთვის პროფესიული სპორტის სივრცე, რამდენად ეფექტიანად რეაგირებენ ინსტიტუციები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებზე და რამდენად დაცულია დაზარალებული ქალი ზეწოლის, ანგარიშსწორებისა და დამატებითი ტრავმირებისგან“.

ხობის კოლხეთის ქალთა გუნდმა „სრული სოლიდარობა“ გამოუცხადა ლანჩხუთის ქალთა გუნდს და განაცხადა, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. „ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“. გუნდმა განაცხადა, რომ „ძალადობას არ აქვს ადგილი ფეხბურთში და მითუმეტეს  ქალთა ფეხბურთში. ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის წინაშე დგას და სამართლიანობისთვის იბრძვის“.

This post is also available in: English