ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ბლოგერს, თორნიკე რაზმაძეს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სამართალწარმოება დაიწყო „ფეისბუქზე“ მის მიერ აგვისტოში ატვირთული იმ ვიდეორგოლის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო, რომელშიც გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებებია შედარებული.
კომენტარი გინებას შეიცავს, თუმცა უცნობია, ვინ არის მისი უშუალო სამიზნე. რაზმაძე ამბობს, რომ ის მიმართული იყო სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის მიმართ. ეს უკანასკნელიც კრემლის პროპაგანდისტია, რომელიც ასევე ფიგურირებს ვიდეორგოლში, სადაც სიმონიანი კომენტარს აკეთებს.
რაზმაძის მიერ სოციალურ მედიაში ნაჩვენები უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მისი კომენტარის თაობაზე, სადაც ნათქვამია: „ამათი დედას შევე*ი “ნა კალენიახ” – აშკარა მინიშნება სიმონიანის კომენტარზე, რომელიც ვიდეოში ამბობს, რომ საქართველოს მმართველები „დედა რუსეთს“ „მუხლებზე“ შეევედრებიან, რომ „დედა რუსეთში“ დააბრუნონ.
უწყების თანახმად, რაზმაძის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-1 მუხლით აღიძრა, რაც „წვრილმან ხულიგნობას“ გულისხმობს და 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმით ან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო“, – განაცხადა რაზმაძემ 10 სექტემბის ვიდეომიმართვაში.
This post is also available in:
civil ახალი ამბები