WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ქართველ ბლოგერს თორნიკე რაზმაძეს 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მიზეზი კი „ფეისბუკზე“ მის მიერ უცენზურო სიტყვების გამოყენება გახდა.

კომენტარი, რომელიც რაზმაძემ აგვისტოში გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ დაწერა, კონკრეტულ ადრესატს პირდაპირ არ ასახელებს. ვიდეოში ერთმანეთს იყო შედარებული კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნარატივები. თავად რაზმაძის განცხადებით, კომენტარი სიმონიანს ეხებოდა.

კერძოდ, კომენტარში ნათქვამია: „თქვენი დედაც … ნა კალენიახ“.  ეს ფრაზა, სავარაუდოდ, უკავშირდება ვიდეოში მოყვანილ სიმონიანის ნათქვამს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს მმართველები „მუხლებზე დაჩოქილები ​​შეეხვეწებიან „დედა-რუსეთს“, რომ ქვეყანა უკან დაიბრუნოს.

სექტემბერში, საქმის გარშემო ატეხილი კრიტიკის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბუნდოვნად მიანიშნა, რომ რაზმაძის წინააღმდეგ ზომები სიმონიანის კი არა, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის გამო გატარდა. თუმცა, სასამართლო მასალებზე დაყრდნობით, რაზმაძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მას მხოლოდ „წვრილმანი ხულიგნობა“ ედება ბრალად და არა „საჯარო პირის შეურაცხყოფა“ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16-ე მუხლი) – მუხლი, რომელსაც შსს მსგავს შემთხვევებში ხშირად იყენებს.

ეს სანქციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იმ საჯარო განცხადებებისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომლებსაც ხელისუფლება და სასამართლოები შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ. ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ჩამოაყალიბა. მისი მიზანი საჯარო სივრცეში (მათ შორის სოციალურ ქსელებში) „სიძულვილის ენის“ მონიტორინგი და სასამართლოში საჩივრების შეტანაა – ხშირად იმ პირის მოთხოვნის გარეშეც კი, რომელსაც, სავარაუდოდ,  „შეურაცხყოფა“ მიაყენეს.

This post is also available in: English