ქართველი ფოტოჟურნალისტები World Press Photo-ს ქართული პროტესტის გაშუქებისთვის TASS-ის რეპორტიორის დაჯილდოვების გამო აკრიტიკებენ

1 day ago 4

ქართველმა ფოტოჟურნალისტებმა და დოკუმენტალისტებმა განაცხადეს, რომ მათ „აშფოთებს“ და „შეურაცხყოფს“ World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს მიხაილ ტერეშჩენკოს, ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც გასული წლის ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახავს.

რუსული პროპაგანდისტული TASS-ისთვის გადაღებული ფოტოები ასახავს საქართველოში მიმდინარე პროევროპულ და რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებს, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება.

„კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში“, – ნათქვამია ქართველი ფოტოჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, გამარჯვებულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მას „განმათავისუფლებელი აქტი“ უწოდა. „გვიჭირს გავიგოთ, რომ კონკურსზე, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ასეთი ხმა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჯილდოს მფლობელ ფოტოებზე გამოსახული დემონსტრანტები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც TASS იცავს და ემსახურება. მათ ისტორიას რომ ამგვარი სააგენტო ჰყვება, აღარაა მხოლოდ წინააღმდეგობრივი რამ, ეს უკვე ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია“, – აცხადებენ ფოტოჟურნალისტები.

TASS-ის ფოტოგრაფის დაჯილდოებით World Press Photo ლეგიტიმაციას აძლევს სააგენტოს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი, აცხადებენ ფოტოჟურნალისტები და დასძენენ, რომ „ეს გადაწყვეტილება არყევს დამოუკიდებელი მედიის არსს, აძლიერებს პროპაგანდას და გზას უხსნის ყალბ ნარატივებს უფრო ფართო აუდიტორიამდე“.

„გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა