8 იანვარს რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” წარადგინეს.
ორპარტიული აქტი კრძალავს აღიარებასა და ურთიერთობების ნორმალიზებას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ იმართება ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.” ამას გარდა, იგი სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ლიდერად.
კოენმა Fox News-თან განაცხადა: “სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილის ქართული ოცნების პარტია პუტინის ინსტრუმენტი გახდა. მათ გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და მათთვის სასურველი პრეზიდენტი დანიშნეს. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ და არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ მთავრობას. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” სწორედ ამას უზრუნველყოფს. სანამ იგი [“ქართული ოცნება”] თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ დათანხმდება, მანამდე ივანიშვილის რეჟიმი ყველა დემოკრატიული მთავრობისგან სრულად იზოლირებული უნდა დარჩეს.”
აქტის მიზნები და შინაარსი ჰგავს უილსონის მიერ 2023 წლის თებერვალში წარდგენილ “ასადის რეჟიმის ანტინორმალიზების აქტს, რომელიც 2025 წელს მიიღეს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) და რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი გასულ თვეს მოაწერა.
იმავე დღეს, ვიდრე კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენდნენ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ მორიგი ანტიდასავლური და კონსპირაციული განცხადება გამოაქვეყნა. აღნიშნულ განცხადებაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება “ანტიქართულ” ნაბიჯად შეფასდა. აღნიშნული განცხადების მტკიცებით, აღნიშნული ქმედებები “გლობალური ომის პარტიისა” და “დიფ სთეითის” მიერ იმართება. “აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ,” ნათქვამი იყო განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ “უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.” განცხადებაში ცალკე იყო გამოყოფილი ჯო უილსონი, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)