ქართული ოპოზიცია ევროკავშირს მიმართავს და ქმედებისკენ მოუწოდებს

6 days ago 5

ოთხმა ქართულმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელთაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს. წერილი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ დაიწერა, ევროკავშირის დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვს, რათა შეჩერდეს მზარდი პოლიტიკური ძალადობა საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

წერილის ავტორები მოითხოვენ ყველა დაკავებული პოლიტიკოსის, აქტივისტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;  მიზნობრივი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში; არალეგიტიმური „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირებისთვის შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და შეიზღუდოს უვიზო რეჟიმით სარგებლობის პრივილეგიები; ასევე გამოცხადდეს ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმი არალეგიტიმურად ევროკავშირის ყველა შესაბამის განცხადებაში.

„ქართველი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტარიზმს, იბრძვის მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია წარმატებისთვის. თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში“, –  ნათქვამია წერილში.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის „ახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებულ საარჩევნო ჩარჩოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით“. მათივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეაჩერონ მოქმედი რეჟიმის წარმომადგენლებთან, სანამ „ისინი არ დათანხმდებიან ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“.

საქართველოში კრიზისი 28 ნოემბრის შემდეგ გაღრმავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდო. ამან ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია, რასაც, როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება მოყვა, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის გამოყენება და ფიზიკური ძალადობა დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა