„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა ევროკავშირი და განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის საკითხს „ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილი“ „პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის ინსტრუმენტად“ იყენებს და დასძინა: „ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები“. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ შეაჩერებს.
პაპუაშვილის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ადრინდელი განცხადება, რომელმაც BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა არის „პრივილეგია“, რომელსაც დაფასება სჭირდება. ფიშერმა აღნიშნა, რომ ქართველების დასჯა არავის სურს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი უპირობო უფლებას არ წარმოადგენს.
17 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას, პაპუაშვილმა ელჩის „აროგანტულობა“ გააკრიტიკა და განაცხადა: „ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
მან განაგრძო: „ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას“. აღნიშნა რა, რომ საქართველოს მშპ-ს ზრდა 10%-ია, ხოლო ევროპის მშპ-ს ზრდა 1%, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ“.
18 აპრილს, პაპუაშვილმა კიდევ უფრო გაამყარა ეს გზავნილი „ფეისბუქის“ სტატუსის მეშვეობით და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის განსხვავება ისაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის „ვიზით შანტაჟი მიუღებელია“. „ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს“.
„შანტაჟის ნარატივი“ მმართველი პარტიის დეპუტატებმა აიტაცეს
„შანტაჟის“ შესახებ გზავნილს და უვიზო მიმოსვლის სუვერენიტეტთან შედარების მცდელობას „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფეისბუქზე წერს: „უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში… თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“.
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა: „ნამდვილად ამ მაქვს ისეთი ცუდი წარმოადგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზელიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ ან ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს“.
არის თუ არა შეჩერება რეალურად შესაძლებელი?
ქართველები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით 2017 წლიდან სარგებლობენ, რაც ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ სარგებლად მიიჩნევა.
თუმცა, ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი განიხილება და ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიებია.
გასული წლის სექტემბერში, საქართველოს ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, თუმცა საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობამდე, რეპრესიების განხორციელებემდე და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ყველა ვარიანტი განიხილება“, მათ შორის „ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერება“ იმ შემთვევაში, თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ კურსს გააგრძელებდა.
2025 წლის 13 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც მოუწოდებს ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, „შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული“.
2025 წლის 9 აპრილს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ძლიერი შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დებატების დროს, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „დაუყოვნებელი და კარგად კოორდინირებული სანქციების“ დაწესებისკენ მოუწოდა და უვიზო რეჟიმის, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვა.
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს
იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ამ წლის ბოლოს ვიზების შეჩერების მექანიზმის შეცვლას გეგმავს, შეჩერების შესაძლებლობა კიდევ უფრო რეალური ხდება. შემოთავაზებული რეფორმები, რომლებიც პირველად ევროკომისიამ 2023 წელს შემოიღო, მიზნად ისახავს გაუადვილოს ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
შეჩერებას კი საფუძვლად დაედება „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა“ ან საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევა, მათ შორის ადამიანის უფლებების სამართლის და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განაჩენების შეუსრულებლობა.
ევროკავშირის საბჭომ თავისი პოზიცია გასულ წელს დაამტკიცა, ხოლო პირველადი კონსულტაციები ევროკომისიას, საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის გასულ კვირას დაიწყო. მიზანია ცვლილებების დასრულება და მიღება ამ შემოდგომაზე საბჭოში პოლონეთის მომავალი თავმჯდომარეობის დროს.
ევროკავშირის სხვა გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ერთსულოვან თანხმობას არ საჭიროებს და მხოლოდ 15 წევრი ქვეყნის თანხმობაც საკმარისია.
ევროკავშირის ადრინდელი ნაბიჯები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში
ევროკავშირმა უკვე მიიღო მიზანმიმართული ზომები საქართველოს პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ. 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ქართველ ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა და ამის მიზეზად დემოკრატიის უკუსვლა დაასახელა.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი დარბევა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება იმ ფონზე, როცა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა და პარტნიორების აზრით, სულ უფრო ძლიერდება „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც უკვე მიიღო რიგი რეპრესიული კანონები ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის აღმოფხვრის მიზნით.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/12/2024 – იოზვიაკი: ევროკავშირი ქართველ დიპლომატებსა და სხვა ოფიციალურ პირებს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებს
- 15/12/2024 – ქართული ოპოზიცია ევროკავშირს მიმართავს და ქმედებისკენ მოუწოდებს
- 10/12/2024 – ევროკავშირის პრესსპიკერი დეესკალაციას მოითხოვს და შედეგების შესახებ აფრთხილებს
This post is also available in: English (ინგლისური)