„ქართული ოცნება“ ერევანში ევრონესტის სესიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

2 hours ago 2

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დელეგაციამ უარი თქვა ერევანში 28-30 ოქტომბერს დაგეგმილ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 რიგით სესიაში მონაწილეობაზე და ამის მიზეზად ზოგიერთი ევროპარლამენტარის „მტრული რიტორიკა და ქმედებები“, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევა დაასახელა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებისა და მისი ბიუროს წევრებისადმი გაგზავნილ ღია წერილში, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ასამბლეის ბოლოდროინდელი ტრაექტორია „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი ფუნდამენტური პრინციპებისა და მიზნებისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით“ და დასძინა, რომ ნამდვილი მრავალმხრივი დიალოგი ახლა „შორეული ისტორიაა“.

„სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც  მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, – ნათქვამია წერილში.

„განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, კშიშტოფ ბრეიზამ, მახაშვილის წერილზე კომენტირებისას X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ არყოფნა „მოულოდნელი“ არ ყოფილა.

„როდესაც თქვენი 2024 წლის ‘არჩევნები’ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა“, – დაწერა მან. „სინამდვილეში, სწორედ მათივე მტრული დამოკიდებულებაა დემოკრატიისა და ევროპის მიმართ, რაც მათ იზოლაციაში აქცევს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა