„ქართული ოცნება“ მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტს ელის

4 days ago 2

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს ელიან. მანამდე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ვიზიტი აპრილში განხორციელდებოდა, ხოლო აშშ-ის საელჩომ საქართველოში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ დროისთვის პოტენციურ ვიზიტებთან დაკავშირებით არაფერი აქვს გამოსაცხადებელი.  

„„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 29 აპრილს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. „შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან“.

ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „აშშ-დან ვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, იყო ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში. მაისში ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და კონსულტაციების გაგრძელებას“.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია, ის კომუნიკაციები, ის შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილი და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები“, – დასძინა მან.

„მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გაღრმავდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს. „ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს … კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება“.

ოფიციალური პირების განცხადებების ფონზე, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისის დასაწყისში საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოვა. თუმცა, აშშ-ის საელჩომ მედიისთვის ადრე გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა