„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს

16 hours ago 5

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს, რომლებიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას გაამკაცრებს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ოფიციალურად ჯერ არ არის ინიცირებული.  

„ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების“ გაყიდვისთვის სასჯელები „მაქსიმალურად მკაცრდება“, – განაცხადა მდინარაძემ და განმარტა, რომ „ნარკორეალიზატორებისთვის, არათუ განსაკუთრებით დიდი, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება“.  სასჯელის გამკაცრება მანიხუანის გაყიდვასაც შეეხება.

ნარკორეალიზატორებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს ქონება ჩამოერთმევათ, მათ შორის უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ 1 ივნისიდან, თუ პირს „დაუდასტურდება“ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს არიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება, ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღის ფლობის უფლება.

მდინარაძემ მოუწოდა კერძო სექტორს მხარი დაუჭიროს მთავრობის ნარკოპოლიტიკის ახალ ინიციატივებს და დასძინა: „მომავალი თაობების გადარჩენისთვის, ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი, ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“.

ბრიფინგზე მდინარაძემ ასევე განაცხადა: „არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული და ანტიქართული, ვიდრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე ხდება, რა დროსაც არა ერთი ბრალდება გაჟღერდა პოლიციის მიერ მომიტინგეებისთვის ნარკოტიკების ჩადების თაობაზე. დაკავებულთა შორის არიან გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია და რუსი ეროვნების ანტონ ჩეჩინი – ყველა მათგანი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა  და ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების წარდგენას ცდილობს.

„ქართული ოცნების“ ნარკოპოლიტიკას რეგულარულად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის საკმაოდ მკაცრი და სადამსჯელო ხასიათისაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა